სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციოს მოსამართლე ხდება - მას „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენ

სერგო მეთოფიშვილი უფლებამოსილების განხორციელებას 2 ოქტომბრიდან შეუდგება (ფოტოკოლაჟი)

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. „კლანის“ წევრად მოიხსენიებდნენ.

მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დანიშნა.

„საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა ბატონი სერგო მეთოფიშვილი“, - ნათქვამია უზენაესი სასამართლოს მიერ 22 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

22 სექტემბერსვე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ მიხეილ ყაველაშვილმა გოგა კიკილაშვილი დანიშნა. კიკილაშვილი ამავე სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია.

ასევე ნახეთ

ყაველაშვილმა საკონსტიტუციოში ყოფილი მოსამართლის შვილი დანიშნა

კიკილაშვილი გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, სერგო მეთოფიშვილი კი თეიმურაზ ტუღუშს. კვერენჩხილაძესა და ტუღუშს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. ორივე მათგანი უფლებამოსილების განხორციელებას 2016 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

კვერენჩხილაძესა და ტუღუშს არაერთ გახმაურებულ საქმეზე დაუწერიათ განსხვავებული აზრი სასამართლოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

საკონსტიტუციო სასამართლო „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს

მათ შორის იყო ე.წ. აგენტების კანონის საქმე. 2024 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ უარი თქვა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება. კვერენჩხილაძე და ტუღუში ამ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმნენ. მათი აზრით, სასამართლოს დროებით უნდა შეეჩერებინა, მათ შორის, ორგანიზაციებისთვის „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსის მინიჭებისა და რეესტრში რეგისტრაციის, ასევე მათ ინფორმაციაზე წვდომისა და პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ნორმების მოქმედება.

ასევე ნახეთ

რისთვისაა სასამართლო, თუ უარს ამბობს საკონსტიტუციო კონტროლზე? - მოსამართლის განსხვავებული აზრი პრეზიდენტის სარჩელზე

ტუღუშმა განსხვავებული აზრი დაწერა ასევე საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი დეპუტატების სარჩელებზე, რომლებითაც ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას ასაჩივრებდნენ. სასამართლოს უმრავლესობამ სარჩელები არსებითად განსახილველად არ მიიღო. ტუღუში ამ პოზიციას არ დაეთანხმა კენჭისყრის ფარულობასა და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ნაწილებში.

გიორგი კვერენჩხილაძე ერთ-ერთი იყო იმ სამი მოსამართლიდანაც, რომლებმაც განსხვავებული აზრი გამოთქვეს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმეზე. სასამართლოს უმრავლესობამ 2023 წელს მიიჩნია, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

ასევე ნახეთ

იმპიჩმენტის მცდელობა 2 - არღვევს თუ იცავს კონსტიტუციას პრეზიდენტი?

ვინ არის სერგო მეთოფიშვილი

სერგო მეთოფიშვილი 1961 წელს თბილისში დაიბადა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. მოსამართლე 2009 წელს გახდა. მუშაობდა გორის რაიონულ, თბილისის საქალაქო და ბოლნისის რაიონულ სასამართლოებში. სხვადასხვა პერიოდში თავმჯდომარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და საგამოძიებო კოლეგიებს. 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლეა.

2016 წელს მეთოფიშვილი 213 ხმით აირჩიეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად. საბჭოს წევრის უფლებამოსილება მას 2020 წელს ამოეწურა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მუშაობის პერიოდში მეთოფიშვილი ხშირად საჯაროდ უპირისპირდებოდა საბჭოს კრიტიკულად განწყობილ არამოსამართლე წევრებს.

2019 წელს მან მაშინდელ არამოსამართლე წევრ ანა დოლიძეს „პოლიტიზირებული პიროვნება“ უწოდა და თქვა, რომ ის „პოლიტიკოსია უფრო, ვიდრე სასამართლოს ნაწილი“. საპასუხოდ დოლიძემ მეთოფიშვილს „იუსტიციის საბჭოს ჟირინოვსკი“ უწოდა.

ასევე ნახეთ

ანა დოლიძემ მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი ჟირინოვსკის შეადარა

იმ პერიოდში საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების გასაუბრებები მიმდინარეობდა, ხოლო დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებდნენ, რომ შერჩევის პროცესი „კლანის“ შეხედულებისამებრ მიმდინარეობდა.

2023 წელს მეთოფიშვილმა სოლიდარობა გამოუცხადა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, რომლებსაც აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესა „მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობისთვის“. მეთოფიშვილი აცხადებდა, რომ მათი კორუმპირებულობის შესახებ საუბარი „აშკარა სიცრუე“ იყო და სანქციების ფორმა „სტალინი-ბერიას ეპოქას“ შეადარა.

ასევე ნახეთ

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი სანქციებზე: მე ეს მაგონებს სტალინი-ბერიას ეპოქას

2024 წელს მეთოფიშვილი მიხეილ ჩინჩალაძესთან, ლევან მურუსიძესა და ვასილ მშვენიერაძესთან ერთად სასამართლოში შეეცადა გაეუქმებინა გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც მათი ქონებრივი დეკლარაციები ანტიკორუფციულ ბიუროს უნდა შეემოწმებინა. ოთხი მოსამართლე დამოუკიდებელმა კომისიამ „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და კორუფციის მაღალი რისკის“ საფუძველზე შესამოწმებელ პირთა შორის შეარჩია. მეთოფიშვილი ამბობდა, რომ შემოწმების არ ეშინოდა და კითხულობდა, რატომ ხვდებოდა მუდმივად თავად შესამოწმებელ პირებს შორის.

ასევე ნახეთ

"სასამართლოში შევხვდებით" - რისთვის ემზადებიან ქონების შემოწმების წინააღმდეგი მოსამართლეები

სერგო მეთოფიშვილს „სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის წევრად“ მოიხსენიებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

კიკილაშვილისა და მეთოფიშვილის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნის შემდეგ ქურდოვანიძე ვარაუდობს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“.

მეთოფიშვილს ე.წ. „სასამართლო კლანის“ ერთ-ერთ გავლენიან მოსამართლედ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“ მოიხსენიებდა.

როგორ კომპლექტდება საკონსტიტუციო სასამართლო

საკონსტიტუციო სასამართლოებში მოსამართლეები 10-წლიანი ვადით აირჩევიან. კონსტიტუციით, 9-კაციან პლენუმი ასე კომპლექტდება: სამს ამტკიცებს პრეზიდენტი, სამს პარლამენტი, სამს კი უზენაესი სასამართლო.

ამ დროისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში 8 მოსამართლეა. მეცხრე მოსამართლის არჩევა პარლამენტის კვოტით უნდა მოხდეს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ ამისთვის საკმარისი ხმები არ აქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ასარჩევად პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის, ანუ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.