17 წლის რუსმა მოციგურავემ საქართველოს სახელით ასპარეზობა დაიწყო

მაკარ ნიკოლაევმა ბათუმის ტურნირზე მოკლე პროგრამაში მერვე ადგილი დაიკავა

საქართველოს სახელით ასპარეზობა კიდევ ერთმა რუსმა მოციგურავემ დაიწყო. 17 წლის მაკარ ნიკოლაევი, რომელიც აქამდე რუსეთის სახელით გამოდიოდა, ბათუმში მიმდინარე იუნიორთა გრან-პრის ეტაპზე საქართველოს წარმოადგენს.

24 სექტემბერს ნიკოლაევმა მოკლე პროგრამაში 66,52 ქულა მიიღო და 26 მონაწილეს შორის მერვე ადგილი დაიკავა. 86,19 ქულით იაპონელი სენა ტაკაჰაში ლიდერობს. საბოლოო შედეგი თავისუფალი პროგრამის შემდეგ გამოვლინდება.

ნიკოლაევი ოლეგ ტატაუროვთან ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მან რუსეთის იუნიორთა გრან-პრის ეტაპებზე მერვე და მეცამეტე ადგილები დაიკავა.

ბათუმის ტურნირზე გოგონათა შორის საქართველოს ქეთევან მახარაძე წარადგენს.

აგვისტოში საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციამ განაცხადა, რომ ქვეყნის სახელით იასპარეზებს რუსეთიდან გადმოსული სპორტული წყვილიც, ზლატა კამალოვა და დანიილ პანოვი.

ასევე ნახეთ

რუსი მოციგურავეების წყვილი საქართველოს სახელით იასპარეზებს

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ნაკრებმა ბოლო წლებში რამდენიმე ისტორიულ შედეგს მიაღწია. მისი წევრების ძირითადი ნაწილი რუსეთში ვარჯიშობს. მათ შორის არიან რუსეთში დაბადებული ქართველები, ასევე რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრები.

ასევე ნახეთ

ეთერ თუთბერიძე და მედლის ორი მხარე

მოციგურავეებმა ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი, მოუტანეს.