ულტრამემარჯვენეები პირველად შეძლებენ საფრანგეთის სენატში ფრაქციის შექმნას

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარე ჟორდან ბარდელა(ცენტრში) ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევს სენატის არჩევნების დღეს, 2026 წლის 27 სექტემბერს

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანება“ პირველად შეძლებს სენატში ფრაქციის შექმნას. წამყვან ძალებად რჩებიან რესპუბლიკელები, ცენტრისტები და სოციალისტები.

27 სექტემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, ულტრამემარჯვენეებს მოკავშირეებთან ერთად პარლამენტის ზედა პალატაში, სენატში ექნებათ 14 ადგილი. საპარლამენტო ჯგუფის ფორმირებისთვის სულ მცირე 10 მანდატია საჭირო.

„ეროვნული გაერთიანების“(ყოფილი „ეროვნული ფრონტი“) ლიდერმა მარინ ლე პენმა, რომელსაც პრეტენზია აქვს საფრანგეთის პრეზიდენტობაზე, სენატის არჩევნების შედეგს „ისტორიული გამარჯვება“ უწოდა. დღემდე ულტრამემარჯვენეებს სენატში საპარლამენტო ჯგუფი არ ჰქონიათ.

ტელეკომპანია FRANCE 24-ის და სააგენტო AFP-ის ცნობით, „ეროვნული გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ჟორდან ბარდელამ განაცხადა, რომ ჯგუფს შექმნიან მოკავშირე პარტიასთან, „მემარჯვენეთა კავშირი რესპუბლიკისთვის" ერთად, რომელმაც ორი მანდატი მოიპოვა.

ასევე ნახეთ

მარინ ლე პენმა დაადასტურა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინას დახმარებას შეუწყვეტს

27 სექტემბერს საფრანგეთში აირჩიეს სენატის 348 წევრიდან 178(ექვსწლიანი ვადით). პარლამენტის ზედა პალატის წევრთა ნახევარს ყოველ სამ წელიწადში ერთხელ არაპირდაპირი კენჭისყრით ირჩევენ ე.წ. ამომრჩეველთა კოლეგიები.

არაპირდაპირი არჩევნები საფრანგეთის 60-ზე მეტ დეპარტამენტში ჩატარდა.

  • ულტრამემარჯვენეები საფრანგეთის სენატში პირველად 2014 წლის არჩევნების შედეგად მოხვდნენ და მაშინ ორი მანდატის მოპოვება შეძლეს. 2023 წელს სამი მანდატი მიიღეს.

2026 წლის 27 სექტემბრის არჩევნების შედეგებით, მანდატების უმრავლესობა მიიღეს რესპუბლიკელებმა, ცენტრისტებმა და სოციალისტებმა, რომლებიც სენატში წამყვან ძალებად რჩებიან.

ასევე ნახეთ

პარიზის სასამართლომ მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნო ევროკავშირის ფულის უკანონოდ გამოყენებაში