უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთში დაარტყა სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს

უკრაინის თავდაცვის ძალები ხშირად უტევენ რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობობიექტებს (ფოტო არქივიდან)

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მორიგი შეტევა მიიტანეს სამხედრო და სამრეწველო ობიექტებზე. ეს 28 სექტემბერს განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. ზოგიერთ ობიექტზე დარტყმას რუსეთის ხელისუფლებაც ადასტურებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 28 სექტემბერს დღისით სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის ტულის და ვორონეჟის ოლქებში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ორ ქარხანას, კრასნოდარის მხარეში - ნავთობობიექტს, კალუგის და ორიოლის ოლქებში - ობიექტებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ „დრონებით ტერორისთვის“ და ბრიანსკის ოლქში - უშუალოდ „საოკუპაციო კონტინგენტს“.

ზელენსკიმ, რომელსაც არცერთი კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებია, მადლობა გადაუხადა ყველას, „ვინც ომს აბრუნებს იქ, საიდანაც ის მოვიდა“.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ობიექტი, რომელსაც ბრიანსკის ოლქში დაარტყეს, დასახლებული პუნქტის, სელცოს რაიონში მდებარე სარაკეტო კომპლექსი „პანცირ-ს2“-ია.

ასევე ნახეთ

უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის საჰაერო შეტევას

ცნობები რუსეთიდან

ბრიანსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ეგორ კოვალჩუკის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, უკრაინული დრონებით შეტევა იყო რკინიგზაზე, დიატკოვო-ლიუდინოვოს მონაკვეთზე ხიდის ნაწილი ჩამოინგრა და რელსებს 10 ვაგონი ასცდა, ხოლო უჩენის რაიონში - 18 ვაგონი. კოვალჩუკის თანახმად, მსხვერპლი არ არის. ამ რაიონებში სარკინიგზო მიმოსვლა დროებით შეწყდა.

თავად უკრაინის რკინიგზას რუსეთის ჯარები პრაქტიკულად, ყოველდღე უტევენ.

უკრაინული დრონებით შეტევა დაადასტურა ვორონეჟის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმაც. მისი ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. გუსევმა ქალაქ ვორონეჟსა და კიდევ ექვს მუნიციპალიტეტში დაზიანებულ ობიექტებს შორის დაასახელა მხოლოდ სახლები და ავტომობილები და არაფერი უთქვამს სამხედრო დანიშნულების რომელიმე ქარხანაზე შეტევის შესახებ.

დრონებით შეტევისა და სახლების დაზიანების შესახებ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის მიერ დასახელებული ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმაც. რომელიმე ქარხანა არც მას უხსენებია.

საწარმოების დაზიანების შესახებ ცნობა 28 სექტემბერს დილით გამოქვეყნდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე. ამ ინფორმაციის თანახმად, უკრაინული დრონების „ნამსხვრევების ჩამოცვენამ“ ხანძრები გამოიწვია „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სამ საწარმოში“. კონკრეტული საწარმოები არც ამ შტაბს დაუსახელებია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებულმა დამოუკიდებელმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული კადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ ერთ-ერთი ობიექტი, რომელსაც უკრაინის ძალებმა კრასნოდარის მხარეში დაარტყეს, ნავთობის ბაზა „ედელვაისი-95“-ია.

ასევე ნახეთ

სეული უკმაყოფილოა, რომ კიევმა გაამჟღავნა ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის ფაქტი
  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.