ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ ქალთა ეროვნული ლიგის ფარგლებში „ნიკე ლუსოსთან“ მატჩის ჩატარებაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადა.
დღეს, 29 სექტემბერს, მატჩის დაწყებამდე „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე ლუსოს“ ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს. თამაშის დასაწყებად მსაჯის სასტვენის შემდეგ კი „ლანჩხუთის“ გუნდის კაპიტანმა ბურთი მოედნიდან გადააგდო, რის შემდეგაც თანაგუნდელებმა ერთად მოედანზე საპროტესტო ბანერი გაშალეს, წარწერით: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.
მოგვიანებით ქალთა საფეხბურთო კლუბის, "ლანჩხუთის" ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ პროტესტის მიზეზი „ნიკე ლუსოსთან“ იყო ყოფილი მფლობელის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის საქმე.
„ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა! თითქოს არაფერი მოხდა, ისე გამოვიდეთ და ფეხბურთი ვითამაშოთ, არ იქნება გამართლებული“, - ნათქვამია „ლანჩხუთის“ განცხადებაში.
„სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მეტოქე („ნიკე-ლუსო“) ის კლუბია, რომლის გულშემატკივრებმა და თანამშრომლებმაც გასული წლის სექტემბერში მოედანზე ფიზიკურად იძალადეს ჩვენს ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე.
ეს ის კლუბია, რომელიც გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერებით იწერდა ფეხბურთელებს, შეგახსენებთ რომ ამ კლუბში ასევე ირიცხებიან არასრულწლოვანი გოგონებიც.
და ბოლოს ეს ის კლუბია, რომლის მფლობელი და პრეზიდენტი თავისი კლუბის ფეხბურთელის გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს მიმდინარე წლის იანვარში.
ჩვენი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა სექსუალური ძალადობის მსხვერპლს, 20 წლის ფეხბურთელს, რომელიც თვეებია იბრძვის, რომ დაუბრუნდეს ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით“, – წერს ქსკ „ლანჩხუთი“.
ასევე ნახეთ
20 წლის ფეხბურთელი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი გაამართლეს - ვინ არის მეჰმეთ უიარითბილისის საქალაქო სასამართლომ 22 სექტემბერს კლუბ "ნიკე ლუსოს" ყოფილი მფლობელი, თურქი ბიზნესმენი მეჰმეთ უიარი, უდანაშაულოდ ცნო და 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.
მეჰმეთ უიარი ბრალდებას უარყოფდა. ფეხბურთელის უფლებების დამცველი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გასაჩივრებას გეგმავს.
მეჰმეთ უიარმა საფეხბურთო კლუბი „ნიკე“, რომელსაც შემდეგ „ნიკე ლუსო“ ეწოდა, 2024 წელს შეიძინა.
განახლება: „ნიკე-ლუსომ“ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კლუბი აპირებს მიმართოს „კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დაამტკიცოს, რომ კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსების შემლახავია.“
რა რეაგირება ექნება ფეხბურთის ფედერაციას მომხდარზე, ამ საკითხის გასარკვევად რადიო თავისუფლებამ ფედერაციას მიმართა. ტექსტი განახლდება მათგან მიღებული პასუხით.