Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 წლის ფეხბურთელი ქალი მას გაუპატიურებაში ადანაშაულებს, ბიზნესმენი გაამართლეს - ვინ არის მეჰმეთ უიარი

თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასა და ეზოში მოქმედებს გადაღების აკრძალვის წესი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასა და ეზოში მოქმედებს გადაღების აკრძალვის წესი.

მოკლედ

  • თბილისის საქალაქო სასამართლომ ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელი თურქი ბიზნესმენი სექსუალური ძალადობის ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
  • სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ფეხბურთელმა ქალმა, რომელიც მეჰმეთ უიარს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, გონება დაკარგა.
  • მოსამართლე გიორგი არევაძეს გადაწყვეტილება არ განუმარტავს.

2025 წლის საქართველოს ჩემპიონი ქალთა ფეხბურთში, ეროვნული ნაკრების და საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსოს” ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, 20 წლის ქალი სასამართლოში ამტკიცებდა, რომ 2025 წლის დეკემბერში გამართული წვეულების შემდეგ კლუბის ყოფილმა პრეზიდენტმა და მფლობელმა გააუპატიურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 32 წლის მეჰმეთ უიარი 9 თვე წინასწარ პატიმრობაში ელოდა.

გამამართლებელი განაჩენის გამოცხადებამდე მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ არასოდეს არავისთან, მათ შორის, არც 20 წლის ფეხბურთელთან არ დაუმყარებია სექსუალური კავშირი ძალადობით.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, თურქ ბიზნესმენს დაცვის 10-ზე მეტი შეიარაღებული წევრი და რამდენიმე ახლობელი გამოსაცვლელი ტანსაცმლით ელოდნენ სასამართლოს მე-7 დარბაზის წინ.

მას შემდეგ, რაც მეჰმეთ უიარმა დარბაზი დატოვა, იქ ჯერ სასამართლოს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ექიმები შევიდნენ. დარბაზში იმყოფებოდნენ მომჩივნის ადვოკატი და პროკურორი. მეგობრები ქალთან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ შეუშვეს, კიდევ ერთ საათში, დამამშვიდებელი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ სპორტსმენი სასწრაფოს ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

“აუცილებლად გავასაჩივრებთ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას”, - უთხრა რადიო თავისუფლებას პროკურორმა გიორგი დოლაკიძემ, მას შემდეგ, რაც სასწრაფოს მანქანამ სასამართლოს ეზო დატოვა.

თურქი ბიზნესმენი, რომელიც სასამართლომ 22 სექტემბერს გაამართლა, საქართველოში ფლობს არაერთ ბიზნესს. საფეხბურთო კლუბი “ნიკე” რომელიც “ნიკე ლუსო” გახდა, უიარმა 2024 წელს შეიძინა.

გაუპატიურების საქმის დეტალებზე, რომლებიც სასამართლომ დახურულ სხდომებზე განიხილა, რადიო თავისუფლებას ფეხბურთელი ქალიც ესაუბრა. მის ვინაობას, მისივე სურვილით და პირადი ცხოვრების დეტალების დაცვის გამო, არ ვამჟღავნებთ.

წვეულებიდან ბიზნესმენის სახლში აღმოჩენილი ქალი

2025 წლის 8 დეკემბრის საღამოს “ნიკე ლუსოს” მფლობელებმა და ფეხბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება წვეულებით აღნიშნეს. წვეულებაზე თურქი ბიზნესმენი ოჯახთან - ცოლთან და შვილთან ერთად მივიდა. რესტორანში იყვნენ მისი დაცვის წევრები და მძღოლიც.

ფეხბურთელი ქალი ჰყვება, რომ წვეულებიდან სახლში კლუბის პრეზიდენტის მძღოლმა წაიყვანა, თუმცა არა ნაქირავებ ბინაში, სადაც გუნდის რამდენიმე წევრთან ერთად ცხოვრობდა, არამედ უიარის სახლში, ძმები კარბელაშვილების ქუჩაზე აღმოჩნდა.

„აღნიშნულ სახლში ხშირად ვკავდები სექსით მისაღებ ოთახში მდგარ დივანზე”, - ეტყვის ბიზნესმენი მოგვიანებით პოლიციას გამოკითხვისას. ეს ჩანაწერი მისი ჩვენების ნაწილია.

ქალმა გამოძიებას მოუყვა, რომ კლუბის პრეზიდენტი ყურადღებითა და მეგობრულად ეპყრობოდა სპორტსმენებს და ისინიც ბევრჯერ მისულან სახლში მისი მანქანით. ამიტომ არ დაეჭვებულა, როდესაც მეჰმეთ უიარის მძღოლმა მას სახლში წაყვანა შესთავაზა. სხვა მისამართზე აღმოჩენილს კი შეეშინდა და კერძო სახლის ლოკაცია თანაგუნდელს გაუზიარა.

სახლში მალევე მივიდა ნასვამი მეჰმეთ უიარი, რომელმაც კარი შიგნიდან ჩაკეტა, შუქი ჩააქრო და წინააღმდეგობის მიუხედავად, მასთან სექსუალური კავშირი დაამყარა. კაცის ვერსიით, სახლში დაბრუნებულს მას კარი არ ჩაუკეტია და თავად ქალი იყო დაინტერესებული მასთან სექსუალური ურთიერთობით.

საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელის წინააღმდეგ ფეხბურთელმა ქალმა ჩვენება პოლიციას მისი სახლიდან წამოსვლის მეორე დილასვე მისცა, გაუპატიურების შესახებ მოუყვა მეგობრებსაც.

“მე მეშინოდა, რომ მეჰმეთს არ დაეშავებინა რამე ჩემი ოჯახის წევრებისთვის, რადგან არის ფინანსურად ძლიერი ადამიანი, აქვს გავლენები, ასევე ყავს იარაღიანი დაცვა. ამიტომ თავიდან არ ვაპირებდი პოლიციისთვის მიმართვას”, - წერს ქალი პოლიციის სამმართველოში მიცემულ ჩვენებაში, კორპორატიული წვეულებიდან რამდენიმე საათში.

ფეხბურთელს 9 დეკემბერს, დილის 7:05-დან 10:30-მდე ჰკითხავდნენ გამომძიებლები. ამავე დღეს, 17:43 საათიდან 22:05-მდე, იმავე სამმართველოში იკითხება თურქი ბიზნესმენიც, რომელსაც ამ დღიდან ერთ თვეში, 9 იანვარს, დააკავებენ.

პროკურატურა მეჰმეთ უიარს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სექსუალურ ძალადობას ედავებოდა, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, რაც დამამძიმებელი გარემოებაა.

გამოძიებამ მიიჩნია, რომ კაცმა სწორედ სამსახურებრივი ურთიერთობა გამოიყენა დანაშაულის დასაგეგმად და განსახორციელებლად და ბოროტად ისარგებლა თანამშრომლის ნდობით, რომელსაც მანამდე უხდიდა ბინის ქირას, ხელფასის გარდა, აძლევდა პრემიებს, როგორც “კლუბის მზრუნველი პრეზიდენტი”.

ის, რომ ქალს ფინანსურად ეხმარებოდა, ბიზნესმენმა ჩვენებაში თავადვე აღნიშნა: “მქონდა კარგი ურთიერთობა, მეგობრული, თუმცა მის მხრიდან ზოგჯერ ვგრძნობდი სიმპათიას. მას ხშირად დავხმარებივარ მატერიალურად, კერძოდ, სხვადასხვა დროს პირადი საჭიროებისთვის ვაჩუქე სხვადასხვა ოდენობის ფულადი თანხა.

ირიბი ზეწოლა მოწმეებზე და კამერები გასახდელებში

სასამართლოში ჩვენების მიცემისას ფეხბურთელმა ქალმა თქვა, რომ ძალადობის შემდეგ პოსტტრავმული სინდრომი განუვითარდა, რომელიც უფრო და უფრო უმძიმდება და ხშირად მიმართავს ფსიქოლოგიურ დახმარებას.

„...ფეხბურთის გუნდის უფროსმა სექსუალურად იძალადა ჩემზე... გამაუპატიურა... მარტო რომ ვრჩები, სულ ამაზე ვფიქრობ... იგივე მომენტი მესიზმრება... თითქოს გავურბივარ ადამიანს, მაგრამ სახეს ვერ ვხედავ... რამდენჯერაც არ უნდა ჩამეძინოს, სულ ასეთ სიზმრებს ვხედავ და ღამეც არ მძინავს მაგის გამო... კანკალი მეწყება, გული მიჩქარდება, თავბრუ მესხმის – რამდენჯერაც მოვყვები [მეგობრებთან], ეს შეგრძნებები მაქვს... როცა მარტო ვარ, სულ ამაზე მეფიქრება და ამ ფიქრებს ვერ ვიშორებ... - ესაა ფრაგმენტი სასამართლოს დახურულ სხდომაზე ქალის მიერ მიცემული ჩვენებიდან - მეშინია ისევ იმ ადამიანის... ხალხში გასვლას თავს ვარიდებ... ჭორებს ავრცელებენ, თითქოს ფული მინდოდა... ყველაფერზე ვნერვიულობ, სულ დაძაბული ვარ. ზოგჯერ რას მელაპარაკებიან, აზრიც ვერ გამომაქვს, გაფანტული ვარ...რაც დრო გადის, მით უფრო უარესად ვხდები, უფრო ვიაზრებ რაც მოხდა...“ - განაგრძობს ის.

ქალი ამბობს, რომ საფეხბურთო კლუბის ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე მის გაჩუმებას ცდილობდა და სასამართლოს დავაზე უარის შემთხვევაში, „ფულად კომპენსაციას“ სთავაზობდა.

რადიო თავისუფლებას წყარომ, რომელიც იცნობს ქალთა ფეხბურთის წრეს, უთხრა, რომ მომჩივანი ქალის მეგობარს დაკავებულის ადვოკატები ნახევარ მილიონს სთავაზობდნენ, თუ ის ქალს თურქ ბიზნესმენთან საპროცესო გარიგებაზე დაითანხმებდა. თავად ქალი ამბობს, რომ მოძალადის ადვოკატები მისი ოჯახის წევრებთან დაკავშირებასაც ცდილობდნენ, რასაც ზეწოლად აღიქვამს.

“მეჰმეთ უიარის დაკავების შემდეგ დაზარალებულის მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალეს იმ მოწმეებმა, ვინც კლუბში დღემდე აგრძელებენ საქმიანობას და ფინანსურად დამოკიდებულნი არიან ბრალდებულზე.

ამ საქმის რამდენიმე მოწმე ამ ამბის შემდეგ დაასაქმეს კლუბში. თუ მეჰმეთ უიარს ციხეში რამდენიმე წლის გატარება მოუწევდა, კლუბი, დიდი ალბათობით, ფუნქციონირებას შეწყვეტდა. შესაბამისად, ეს ადამიანები შემოსავალს დაკარგავდნენ, ამიტომ მათი ინტერესი უიარის გათავისუფლება იყო.

ყოფილი თანაგუნდელები დღემდე უკიდურესად მტრულ დამოკიდებულებას გამოხატავენ, მათ შორის მატჩის დროსაც კი. დაზარალებულს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართავდნენ და ამ ფორმით ცდილობენ გავლენა მოახდინონ მასზე”, - უყვება რადიო თავისუფლებას ფეხბურთელი ქალის ადვოკატი ანა თავხელიძე.

“არ მეგონა, ყველაფრის ყიდვა თუ შეიძლებოდა”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ფეხბურთელმა ქალმა, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ორი კვირით ადრე. ამ დროს ის უკვე შიშობდა, რომ კაცის გავლენები და სიმდიდრე სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც შეიძლება ასახულიყო.

ბიზნესმენის ადვოკატები უარს ამბობენ დახურული საქმის საჯარო კომენტირებაზე. განაჩენის გამოტანის შემდეგ მათ მხოლოდ ის თქვეს, რომ ტყუილია, თითქოს ცდილობდნენ მოწმეებზე ზემოქმედებას და მათ მოსყიდვას, რაც კანონით, სისხლის სამართლის დანაშაულია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მეჰმეთ უიარს გამოძიების დაწყებისთანავე აუკრძალა საფეხბურთო საქმიანობა, მანამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას არ გამოიტანდა.

გამოძიების პარალელურად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შპს “ნიკე” 4 000 ლარით დააჯარიმა, ქალი ფეხბურთელების გასახდელებში დამონტაჟებული ვიდეოკამერების აღმოჩენის შემდეგ - კანონით, ეს პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევაა.

როგორ აღმოჩნდა თურქი ბიზნესმენი ქართულ ფეხბურთში

32 წლის მეჰმეთ უიარი საქართველოში 2021 წლიდან არაერთ ფირმას ფლობს, მათ შორის არის სამშენებლო კომპანია, ძვირადღირებული მანქანების სალონი, ქალთა ფეხბურთის კლუბი და ისეთი ორგანიზაციებიც, რომელთა საქმიანობაც რეესტრში მითითებული არ არის. მეჰმეთ უიარის ბიზნესპარტნიორი ან მისი კომპანიების მმართველი უჩა ურუშაძეა, ქალთა საფეხბურთო კლუბ “ნიკე ლუსის” დირექტორი.

რადიო თავისუფლება უჩა ურუშაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოში შეხვდა, სექსუალური ძალადობის საქმის განხილვის ფინალურ ეტაპზე - ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მან გასაუბრება და კითხვებზე პასუხების გაცემა არ ისურვა.

“ნიკე ლუსის” ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ ამ კლუბში ქალთა საფეხბურთო გუნდებს შორის ყველაზე მაღალი ანაზღაურება და კარგი პირობები იყო - ფეხბურთელებს ბიზნესმენის ხარჯზე შეეძლოთ თბილისში ცხოვრება და ხელფასის გარდა, იღებდნენ პრემიებსაც. იგივე წყაროები ყურადღებას ამახვილებენ, რომ ხელფასისა და პრემიების ნაწილს არა საბანკო გადარიცხვით, არამედ ქეშად, ნაღდი ფულის სახით იღებდნენ.

გასულ წლებში „კლუბ ნიკეს“ დირექტორი იყო მეჰმეთ უიართან დაახლოებული, ასევე თურქეთის კიდევ ერთი მოქალაქე, ბუჰრან იალვაჩი. საჯარო რეესტრის მიხედვით, ბუჰრან იალვაჩი საფეხბურთო კლუბ "თბილისის ელიტა 2021-ის" მფლობელია, "გურია თუდეის" ინფორმაციით კი - ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდის სპონსორი. რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, იალვაჩი რამდენიმე თვის წინ საქართველოში დააკავეს და თურქეთშია ექსტრადირებული, როგორც მძიმე დანაშაულში ბრალდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩვენ ამ ფაქტის გადამოწმება ვცადეთ, მაგრამ უშედეგოდ.

თვითმხილველები რადიო თავისუფლებას უყვებიან, რომ მეჰმეთ უიარის კომპანიის ავტოსალონთან 2026 წლის გაზაფხულზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. ამ სპეცოპერაციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს სხვადასხვა ადგილას თურქ კოლეგებთან ერთად დააკავეს თურქეთის 14 მოქალაქე, რომელთაგან 11 ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოცემული ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო ძებნილი.

„დაკავებულთა შორის არიან მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა ჩადენაში ბრალდებულები. მათ შორის: ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების წარმოების, რეალიზაციის, შეძენისა და ფლობის, ქურდობის, სხეულის განზრახ დაზიანების, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, სხვისი ქონების დაზიანების, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის, სასჯელის მოხდისგან თავის არიდების, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობის, მკვლელობისა და თაღლითობის 26 ეპიზოდის ჩადენაში ბრალდებული ძებნილი პირები“, – ეს არის ფრაგმენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 მარტის პრესრელიზიდან.

ჩვენ ფეხბურთელი ქალის პროკურორს ვკითხეთ, თუ იკვეთებოდა დაკავებულთა ამ ჯგუფის კავშირი საფეხბურთო „კლუბ ნიკე ლუსოს“ ყოფილ მფლობელთან და თუ კი, იქნებოდა თუ არა ეს საინტერესო გარემოება ამ კონკრეტული საქმისთვის. პროკურორმა არ უარყო ბოლო თვეებში საქართველოში დაკავებული თურქეთის მოქალაქეების შესაძლო კავშირები ქალთა საფეხბურთო კლუბის მფლობელ მეჰმეთ უიართან, თუმცა იქვე განმარტა, რომ ამას კავშირი არ აქვს ქალზე ძალადობის დასადგენად დაწყებულ გამოძიებასთან.

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG