ადვოკატი: გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია

მიხაილ ტიმოფეევი

ადვოკატ რუსუდან მჭედლიშვილის ინფორმაციით, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუკრძალა რუსეთის მოქალაქის, მიხაილ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია.

მჭედლიშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით იუსტიციის სამინისტროში გადაიგზავნება და სახელმწიფომ ის უნდა გაითვალისწინოს.

„გაეროს კომიტეტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უნდა შეჩერდეს ყველა პროცედურა - ექსტრადიცია და დეპორტაცია - სანამ საქმის განხილვა კომიტეტში არ დასრულდება“, - ამბობს მჭედლიშვილი.

უფლებადამცველმა რომან კისლიაკმა The Insider-ს განუცხადა, რომ „ახლა საქართველოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მიხაილ ტიმოფეევი პატიმრობიდან უნდა გაათავისუფლონ, რადგან ის ექსტრადიციის უზრუნველსაყოფად იყო დაკავებული“.

„მისი ექსტრადიცია უახლოეს წლებში შეუძლებელი იქნება, რადგან მისი საქმე გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში დარეგისტრირდა. გათავისუფლების საკითხის ქვეყნის შიგნით გადაწყვეტას გარკვეული დრო დასჭირდება, შესაძლოა რამდენიმე დღე, ერთი ან ორი კვირა“, - ამბობს იურისტი.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია 4 სექტემბერს დასაშვებად ცნო, 18 სექტემბერს კი ეს გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება იუსტიციის მინისტრს უნდა მიეღო.

რადიო თავისუფლება სამინისტროს დაუკავშირდა ტიმოფეევის საქმეზე უწყების პოზიციის გასაგებად. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

ასევე ნახეთ

„ჩემი სიცოცხლის საკითხი წყდება“ - თბილისში დაკავებული ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო

ბრალდება და დაცვის პოზიცია

ტიმოფეევი თბილისში 2026 წლის 23 იანვარს დააკავეს რუსეთის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მაშინ, როდესაც INTERPOL-ის სისტემაში მასზე აქტიური წითელი ცირკულარი აღარ არსებობდა.

59 წლის კაცის ექსტრადიციას რუსეთი მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობების საქმეზე ითხოვს. საქმე 2004-2005 წლებით თარიღდება და ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორს, სერგეი ფურგალს, უკავშირდება.

თავად ფურგალს ამავე საქმეზე 25-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. რუსეთის გენერალური პროკურატურის მტკიცებით, ტიმოფეევი ფურგალის კონკურენტების განადგურების მიზნით შექმნილი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო.

სერგეი ფურგალი

მიხაილ ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს.

საჯარო წყაროების თანახმად:

  • მიხაილ ტიმოფეევი სერგეი ფურგალის თანაშემწედ მუშაობდა, როდესაც ეს უკანასკნელი რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო [2007-2011 წლებში] რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან.
  • როდესაც სერგეი ფურგალი ხაბაროვსკის მხარის გუბერნატორად აირჩიეს, მას აქტიურად ეხმარებოდა მიხაილ ტიმოფეევი.

როგორც პროკურორმა თემურ ცინდელიანმა რადიო თავისუფლებას 4 სექტემბერს, სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიხაილ ტიმოფეევის პოლიტიკური საქმიანობა და, შესაბამისად, მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა არ დასტურდება.

დაცვის მხარის განმარტებით კი, „პოლიტიკური დევნის არსებობისთვის ფორმალური პარტიული წევრობა აუცილებელი არ არის“.

ასევე ნახეთ

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა
  • დაცვის მხარე აცხადებდა, რომ დროებითი ღონისძიების მოთხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესით გათვალისწინებული დროებითი ღონისძიება გადაუდებელი მექანიზმია, რომელიც გამონაკლის შემთხვევებში გამოიყენება, მათ შორის მაშინ, როდესაც პირის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი სიცოცხლისთვის ან არასათანადო მოპყრობისგან დაცვისთვის სერიოზული და შეუქცევადი ზიანის რისკი.