თბილისის 166-ე სკოლის მშენებლობა გაზაფხულის მიწურულს დაიწყება - თქვა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

166-ე სკოლის მოსწავლეებმა აქციაც გამართეს.

დიდუბის გამგეობის შენობაში 166-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნების“ მთავრობის ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძეს შორის შეხვედრა დასრულდა. ჟურნალისტებთან მინისტრმა თქვა, რომ ახალი შენობის საპროექტო სამუშაოები გაზაფხულზე დასრულდება, შემდეგ კი მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდება.

„მათ ავუხსენით, რომ პროექტი უკვე მზადდება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე გვექნება გამზადებული დასრულებული პროექტი. უკვე გაზაფხულზე ჩვენ შევძლებთ ახალი სკოლის მშენებლობის ტენდერის გამოცხადებას, სამუშაოებიც, სავარაუდოდ, გაზაფხულის მიწურულს დაიწყება“, - ამბობს სოხაძე.

თბილისის 166-ე სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები 28 სექტემბერს სკოლასთან საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ. ისინი მოითხოვდნენ, გადაიხედოს სკლის მდგომარეობის შესახებ დასკვნა და დემონტაჯის ნაცვლად შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდეს.

ასევე ნახეთ

166-ე სკოლის პროტესტი - მშობლები და მასწავლებლები შენობის რეაბილიტაციას ითხოვენ 

166-ე სკოლან 2023 წლის აპრილში დაწყებული წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა - შენობის კედელს ბზარი გაუჩნდა, ამის გამო გადაწყდა სკოლის დემონტაჟი.

166-ე სკოლის შემთხვევა ერთადერთი არ არის - სულ მცირე 14 საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს სწავლა დაიწყო, თუმცა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე დაიკეტა.

ასე მოხდა 21-ე საჯარო სკოლის შემთხვევაშიც - 15 სექტემბერს სწავლა იქაც განახლდა, თუმცა 17 სექტემბერს საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან დირექტორს აცნობეს, რომ მომზადდა დასკვნა შენობის დემონტაჟის შესახებ. ამ გადაწყვეტილებას სკოლის მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა.

ასევე ნახეთ

თბილისის 21-ე სკოლის შენობაში სასწავლო პროცესი 28 სექტემბრიდან განახლდება

განათლების სამინისტრომ ექსპერტიზის დასკვნის ავტორს მიმართა დამაზუსტებელი კითხვებით. პასუხების მიღების შემდეგ კი სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა და გამოაცხადა, რომ 21-ე სკოლა თავის შენობაში დაასრულებდა სასწავლო პროცესს.