„ექსპერტების რეკომენდაციის შესაბამისად, გათვალისწინებულია ფასადზე დაზიანებული ბათქაშის მონაკვეთებისგან კედლების გასუფთავება და გაშიშვლებული ადგილების გალესვა. ასევე, სარდაფის სივრცეში არსებული ბზარები შეივსება მაღალი სიმტკიცის ქვიშა-ცემენტის ან პოლიმერ-ცემენტის ხსნარით. შენობის მდგომარეობაზე ექსპლუატაციის პერიოდში გაგრძელდება მუდმივი დაკვირვება“, - აცხადებენ სამინისტროში.
სპეციალური სამუშაოების მიმდინარეობისას, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად, სკოლაში გაიზრდება მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა.
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს!“ - ასე გამოეხმაურა 21-ე სკოლის ადმინისტრაცია განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას.
21-ე სკოლის შესახებ
თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში, სადაც 1200-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, 17 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ექსპერტიზამ შენობის დემონტაჟის შესახებ დასკვნა მოამზადა.
„შენობის კონსტრუქციული სქემის არასეისმურობიდან გამომდინარე, შენობა მიეკუთვნება IV კატეგორიით განსაზღვრული ვარგისიანობის ჯგუფს, ამიტომ მისი აღდგენა-რეაბილიტაცია არარენტაბელურია და რეკომენდირებულია სათანადო სადემონტაჟო პროექტის საფუძველზე მოხდეს სკოლის შენობის სრული დემონტაჟი“, - წერია ექსპერტიზის დასკვნაში.
სკოლის დემონტაჟის და მოსწავლეების სხვა შენობაში გადაყვანის იდეას 21-ე სკოლის მოსწავლეებისა და მშობლების მხრიდან წინააღმდეგობა და პროტესტი მოჰყვა - 18 სექტემბერს სკოლასთან აქცია გაიმართა.
24 სექტემბერს განათლების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლიდანაც გაირკვა, რომ სკოლის შენობას აღარ დაანგრევდნენ. უწყებაში აღნიშნავდნენ, რომ „შენობაში აუცილებელია კონკრეტული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, რაც რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელდეს:
„ზაფხულიდან სკოლაში სრულმასშტაბიანი სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, რა დროსაც სასწავლო პროცესი ალტერნატიულ შენობაში გაგრძელდება“.
რამდენიმე საათის შემდეგ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თქვა, რომ დაინგრევა თუ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება შენობას, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის.
„არაფერი არ გადაწყვეტილა. ჩვენ ისევდაისევ უნდა ვიხელმძღვანელოთ არსებული დასკვნებითა და დამაზუსტებელი პასუხებით: ეს შენობა დაექვემდებარება სრულ რეაბილიტაციას თუ დემონტაჟსა და მის ადგილას ახლის აშენებას[...] ეს არის შემდგომი განხილვების საკითხი“, - თქვა მიქანაძემ.
ფორუმი