ტრამპმა ხელოვნურ ინტელექტს „სუპერინტელექტი“ დაარქვა და წამყვან კომპანიებთან შეთანხმება გააფორმა

აშშ-ის პრეზიდენტმა 29 სექტემბერს თეთრ სახლში მიიღო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კონტროლზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ხელოვნურ ინტელექტს(AI - Artificial Intelligence) „სუპერინტელექტი“(SI - Super Intelligence) ეწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა 29 სექტემბერს თეთრ სახლში მიიღო წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელები. კომპანიების, რომელთა საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაა.

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა თავისი სოციალური ქსელის Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა კომპანიების, Google-ის, Anthropic-ის, Meta-ს, OpenAI-ის, xAI-ის და Nvidia-ს ხელმძღვანელებთან ერთად ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების კონტროლს ეხება.

ასევე ნახეთ

Anthropic-ის თანამშრომლები: ხელოვნური ინტელექტის შეუზღუდავმა განვითარებამ შესაძლოა უახლოეს წლებში ადამიანები გაანადგუროს

„მორალურად სავალდებულო“

ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე კონტროლის გაძლიერების შეთანხმება, რომელსაც ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა და წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების ხელმძღვანელებმა მოაწერეს, ითვალისწინებს კომპანიების მიერ საიმედო შიდა მექანიზმების შექმნას ხელოვნური ინტელექტის მოდელების შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობის მონიტორინგისთვის მათი დანერგვისას ისეთ სფეროებში, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება და ბიოლოგიური და ქიმიური უსაფრთხოება.

გამოვლენილი რისკები და პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. კომპანიებმა დამოუკიდებელ აუდიტორებთან უნდა ითანამშრომლონ და რეგულარულად უნდა მიიღონ მონაწილეობა უსაფრთხოების გაზრდის სტანდარტებსა და მეთოდებთან დაკავშირებულ შეხვედრებში.

აშშ-ის პრეზიდენტმა ამ შეთანხმებას „მორალურად სავალდებულო“ უწოდა.

ამასთან, დროთა განმავლობაში შესაძლოა, საჭირო გახდეს ამ ზომებისთვის კანონის ან რეგულაციების სახის მიცემა.

„სუპერინტელექტი“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 სექტემბერს ხელი მოაწერა კიდევ ერთ დოკუმენტს.

აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ტერმინის, AI - Artificial Intelligence (ხელოვნური ინტელექტი) ნაცვლად უნდა გამოიყენოს ტერმინი Super Intelligence (სუპერინტელექტი).

ტერმინის შეცვლის მიზეზად დასახელებულია ის, რომ ამერიკული კომპანიები სულ უფრო სრულყოფენ ტექნოლოგიებს და ქმნიან ახალ ფორმებს და შესაძლებლობებს მეცნიერების, მედიცინის და სხვა სფეროებში, ამიტომ ტერმინი „სუპერინტელექტი“ უფრო ზუსტად ასახავს პოტენციალს და პერსპექტივას.

ასევე ნახეთ

ხელოვნური ინტელექტი - შენთან სალაპარაკო (არაფერი) მაქვს
  • ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელი წამყვანი კომპანიების, Anthropic-ის, OpenAI-ის და Google-ის ხელმძღვანელებმა 2026 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში მხარი დაუჭირეს ხელოვნური ინტელექტის განვითარების ტემპის შენელებას. მანამდე გახშირდა ცნობები ინციდენტებზე, როცა ხელოვნური ინტელექტის მოდელები კონტროლიდან გადიოდნენ და ხაკერულ შეტევებს ახორციელებდნენ, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებზე.
  • ზოგიერთი სხვა კომპანიის შეფასებით, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები პოტენციური საფრთხის გადაჭარბებულად წარმოჩენას ცდილობენ. გამოითქვა ეჭვიც, რომ მათ კარტელის შექმნა სურთ.
  • 19 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, ახალი, ხელოვნური ინტელექტის ძალები შეიქმნება.