Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი „ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტს ახალი სტრუქტურის ფუნქციები და ინიციატივის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია
აშშ-ის პრეზიდენტს ახალი სტრუქტურის ფუნქციები და ინიციატივის განხორციელების ვადები არ დაუკონკრეტებია

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ახალი სტრუქტურის, „AI Force“-ის შექმნას და ხელოვნური ინტელექტის ახალი კურატორის, ე.წ. AI czar-ის, დანიშვნას გეგმავს. ინიციატივის დეტალები და განხორციელების ვადები მას არ დაუკონკრეტებია.

Reuters-ის ცნობით, ტრამპის განცხადება ვაშინგტონში ხელოვნური ინტელექტის სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ რისკებზე მზარდი შეშფოთების ფონზე გაკეთდა. ამერიკელი კანონმდებლებისა და სფეროს წარმომადგენლების ნაწილი უსაფრთხოების დამატებითი მექანიზმების შემოღებას ითხოვს.

როგორც BBC წერს, ტრამპმა ხელოვნური ინტელექტი „შემდეგ ინდუსტრიულ რევოლუციას ან ინტერნეტს“ შეადარა და თქვა, რომ მისი გავლენა შესაძლოა კიდევ უფრო მასშტაბური იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ სურს, შეერთებულმა შტატებმა ხელოვნური ინტელექტის სფეროში ჩინეთთან უპირატესობა შეინარჩუნოს.

ტრამპი დამატებითი რეგულაციების დაწესებას არ ემხრობა. მისი თქმით, ხელისუფლება AI-ის ინდუსტრიის ზრდას ხელს არ შეუშლის, ხოლო ტექნოლოგიის უკანონოდ გამოყენების შემთხვევებზე რეაგირება არსებული სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სისტემის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

თუ ტრამპი ახალ კურატორს დანიშნავს, ეს ამ პოზიციაზე მისი მეორე დანიშვნა იქნება. მანამდე ეს ფუნქცია ვენჩურულ კაპიტალისტ დევიდ საქსს ეკავა, რომელმაც გაზაფხულზე თანამდებობა დატოვა და ადმინისტრაციის გარე მრჩევლის როლში გადავიდა.

განცხადება ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა. სი ძინპინი 24 სექტემბერს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ში ჩავა და ტრამპს ვაშინგტონში, თეთრ სახლში შეხვდება. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ხელოვნური ინტელექტი იქნება. აშშ და ჩინეთი ამ სფეროში ლიდერობისთვის კონკურენციას ეკონომიკური და სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვან საკითხად განიხილავენ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG