4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებულს საპროცესო გაუფორმეს

ბექა ჭულუხაძე ციხეს 2027 წლის ივლისში დატოვებს.

4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში „დივერსიის“ დაგეგმვაში დადანაშაულებულ ბექა ჭულუხაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. მას ბრალი წარდგენილი ჰქონდა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი საშუალებების შეძენა-შენახვის მუხლებით.

მედიის, მათ შორის „ტვ პირველისა“ და „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ბექა ჭულუხაძეს 1-წლიანი რეალური და 2-წლიანი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. მსჯავრდადებული პენიტენციურ დაწესებულებას 2027 წლის ივლისში დატოვებს.

რას ამბობენ მხარეები

მსჯავრდადებულის ადვოკატის, გაიოზ ჩარკვიანის განცხადებით, ჭულუხაძეს არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება.

„სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არავისზე არ დაუდია ხელი, მსგავსი რამ სისხლის სამართლის საქმეში არ მომხდარა, ბექა ჭულუხაძეს ჩვენება არავისზე მიუცია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ადვოკატის მტკიცებით, საქმეში „დივერსია“ საერთოდ არ არის ნახსენები.

„2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მქონდა და ვინახავდი ამ იარაღსო, ამბობს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

კითხვაზე, ხომ არ სთხოვეს ჭულუხაძეს თავისუფლების სანაცვლოდ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორების წინააღმდეგ ჩვენების მიცემა, ადვოკატი უარყოფითად პასუხობს.

„საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან არ შესულან და არ უთქვამთ მსგავსი რამ. ჩვენ სხვა [გამოყოფილ] საქმეზე მოწმედაც კი არ ვართ გამოკითხული“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

პროკურორის თქმით, ჭულუხაძემ საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა აღიარა.

ასევე ნახეთ

ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზე დაკავებულმა მხეიძემ და ხაინდრავამ ციხე დატოვეს

„დივერსიული აქტები“ - რა თქვეს ოქტომბერში

სუსმა 2025 წლის 5 ოქტომბერს, ადგილობრივი არჩევნებისა და პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დემონსტრანტების ნაწილის შეჭრის მცდელობის მომდევნო დღეს, განაცხადა, რომ მცხეთაში, ტყეში იპოვეს საბრძოლო მასალა, რომლის გამოყენებითაც „4 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, უნდა განხორციელებულიყო დივერსიული აქტები“.

სუსმა მაშინ ასევე განაცხადა, რომ ბრალდებულმა აღნიშნული საბრძოლო მასალა და იარაღი შეიძინა „უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით“, თუმცა არც მისი ვინაობა და არც დანაყოფი არ დაუსახელებია.

უწყების მტკიცებითვე, 4 ოქტომბერს ასევე „მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალებაც, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადაეტანათ“.

არ დაზუსტებულა, რას გულისხმობდა უწყება „განეიტრალებაში“; სხვა პირთა დაკავების შესახებ არც ოქტომბერში და არც ახლა ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

ამასთან, სუსი 6 ოქტომბერს აცხადებდა, რომ იდენტიფიცირებული იყო პირი, რომელმაც „ბ.ჭ.-ის შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი“. უწყების ცნობით, ის იყო მიყვანილი სუსში და მასთან მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

ასევე ნახეთ

სუსი: 4 ოქტომბრის „დივერსიის“ დაგეგმვაში ბრალდებული კაცი სომხეთის საზღვართან დავაკავეთ

ჭულუხაძის დაკავება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2026 წლის 10 ივლისს განაცხადეს, რომ ჭულუხაძე საქართველო-სომხეთის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს.

ჭულუხაძე ყოფილი ძალოვანია და, მედიის თანახმად, უკრაინაში ქართველი მებრძოლი იყო.

„არანაირი შეხება მე მაგ იარაღთან არა მაქვს და ეგ არის სრული სიცრუე“, - განუცხადა „ტვ პირველს“ ჭულუხაძემ ინტერვიუში, რომელიც 2025 წლის 15 ნოემბერს გავიდა ეთერში.

„გვებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ვებრძვით რუსეთს, საქართველოს მტერს“, - თქვა მან.

„ყველაფერში აბსურდს ვხედავ. რანაირად შეძლებს ადამიანი, როდესაც იმყოფება სხვა ქვეყანაში, რამდენიმე ათასი კმ-ით იქით, საქართველოში ტერაქტის მოწყობას. არ არსებობს“, - ამბობდა ჭულუხაძე.

ბექა ჭულუხაძის სახელი საჯაროდ პირველად 2024 წელს გაჟღერდა, როდესაც ის ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის დაგეგმვის საქმეზე“ გამოკითხეს.

2024 წლის 1 აგვისტოს პროსახელისუფლებო არხმა „იმედმა“, რომელსაც 2026 წელს ბრიტანეთმა ფინანსური სანქციები დაუწესა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის „მკვლელობის მომზადების საქმეზე“ ბექა ჭულუხაძე გამოიკითხა.

ჭულუხაძემ მაშინ თქვა, რომ გამოკითხვაზე ჰკითხეს გია ლორთქიფანიძესა და მამუკა მამულაშვილთან ნაცნობობაზე, რომლებსაც, მისი თქმით, არ იცნობს.

  • გია ლორთქიფანიძე, რომელიც წარსულში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე იყო, ახლა უკრაინის ხელისუფლების მოქმედი მაღალჩინოსანია.
  • მამუკა მამულაშვილი კი უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია. მასზე რუსეთის ფედერაციას ძებნა აქვს გამოცხადებული.