Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსმინისტრ ბურჭულაძის საქმეზე დაკავებულმა მხეიძემ და ხაინდრავამ ციხე დატოვეს

ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა
ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეზე დაკავებულმა მისმა ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და მისმა ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ, საპატიმრო დატოვეს. მათ აღიარებითი ჩვენებისა და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად სასჯელი 14 თვემდე შეუმცირდათ.

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, პატიმრობაში მყოფმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენება მისცეს.

გამოძიების თანახმად, ბურჭულაძის ჩვენებით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბიზნესმენისგან [საუბარია ზურაბ ტუკვაძეზე] მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

ჩადენილი დანაშაული

  • ბურჭულაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო თავდაცვის სამინისტროში მუშაობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.
  • ვასილ მხეიძე - დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობაში;
  • გიორგი ხაინდრავა სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვაში.

საპროცესო შეთანხმების პირობები

  • ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის საპატიმროში, 2 წელი კი ჩაეთვლება პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა სხვადასხვა სახის ქონება.
  • ვასილ მხეიძეს 4 წლითა და 2 თვით პატიმრობა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები - რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.
  • გიორგი ხაინდრავას მიესაჯა 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

ღარიბაშვილი ბრალს პოლიტიკურს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ორჯერ იკავებდა პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, იყო ასევე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრიც, 12 იანვარს გაასამართლეს. მასთან სხვა კორუფციულ დანაშაულზე საპროცესო შეთანხმება გაფორმდა - აღიარა დანაშაული და 9-დან 12 წლამდე პატიმრობის ნაცვლად, 5 წლით დააპატიმრეს.

ის თვეების განმავლობაში დუმდა, სანამ არ შეიტყო, რომ ახალ კორუფციულ საქმეზე ბრალი უნდა წაეყენებინათ.

  • 17 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილი გუნდს და ბიძინა ივანიშვილს ღიად დაუპირისპირდა - მისი თქმით, „ბიძინა ივანიშვილის დავალებით“ მას გაუგზავნეს წერილი, რომლითაც მისთვის უცნობი კორუფციული დანაშაულის „აღიარება“ შესთავაზეს, რადგან პოლიტიკაში დაბრუნების 1%-იანი „რისკი“ გადაეზღვიათ;
  • 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს;
  • 7 სექტემბრის წერილში მან თქვა, რომ მის წინააღმდეგ „ბინძური პოლიტიკური თამაშები“ მიმდინარეობს და ბოლო პერიოდში მოისმინა სახედაკარგული ადამიანების უღირსი და ყალბი განცხადებები;
  • 21 სექტემბრის წერილში თქვა, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური საქმეებია: „ჩემი პატიმრობა თავიდან ბოლომდე, პირველივე დღიდან, იყო პოლიტიკური და ყველაფერი, რაც ჩემს წინააღმდეგ განხორციელდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული, რასაც არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცესთან. მე დღეს ციხეში ვზივარ აბსურდული ეჭვების, შიშებისა და შურის გამო, რაც წარმოუდგენელი უსამართლობა და ბოროტებაა ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG