უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო

რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად განადგურებული სახლი კიევის ოლქის ვიშჰოროდის რაიონში. 2026 წლის 30 სექტემბერი

30 სექტემბერს უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო. დედაქალაქ კიევის და უკრაინის ხუთი ოლქის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე დარჩა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთის ძირითადი სამიზნე იყო დედაქალაქ კიევის და კიევის ოლქის ენერგეტიკა. ზელენსკის ინფორმაციით, კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე დარტყმა იყო ჟიტომირის, ნიკოლაევის, კიროვოგრადის, ოდესის, სუმის, ხარკოვის, ხერსონის და ჩერკასის ოლქებშიც. დაიღუპა სულ მცირე ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი. დაიჭრა 14.

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, ენერგოობიექტების დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ქალაქ კიევის და კიევის, ხარკოვის, სუმის, დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქების ნაწილს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონებით შეტევის შედეგად დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში დაიღუპა კომპანია „კიევტეპლოენერგოს“ თანამშრომელი. ეს კომპანია კიევს ცხელი წყლით და გათბობით ამარაგებს. დარტყმის მომენტში ერთ-ერთ დაზიანებულ ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.

ასევე ნახეთ

მსხვერპლი, ნგრევა, ხანძრები - რუსეთმა ისევ დაარტყა კიევს და კიევის ოლქს

უკრაინის რეგიონების სამხედრო ადმინისტრაციების მონაცემებით, ენერგოობიექტების გარდა დანგრეული და დაზიანებულია სახლები, საწყობები და მაღაზიები. იყო ათეულობით ხანძარიც.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 29-დან 30 სექტემბრის ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს გემსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტებით და 188 უპილოტო საფრენი აპარატით. დრონებიდან 86 რეაქტიული იყო. ოფიციალური მონაცემებით, საჰაერო თავდაცვამ 5 რაკეტა და 155 დრონი მოიგერია. საჰაერო თავდასხმის მოუგერიებელი საშუალებებით პირდაპირი დარტყმა იყო 18 ადგილზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რაკეტებით და დრონებით კიევში დაარტყეს მონაცემთა დამუშავების ცენტრს „დე ნოვო“, რომელიც უკრაინის არმიისთვის ინფორმაციის გადასაცემად გამოიყენება, კიევის ოლქში - ელექტროსადგურს, ჰიდროელექტროსადგურს და თბოელექტროსადგურს, რომლებიც „სამხედრო მრეწველობის ობიექტებს ამარაგებენ“ და ოდესის ოლქში - იზმაილის პორტში მდებარე სამრეწველო კომპლექსს და სატვირთო გემს.

ასევე ნახეთ

უკრაინაზე რუსეთის შეტევისას დრონი მოლდოვაშიც ჩამოვარდა, რუმინეთმა და პოლონეთმა პრევენციულ ზომებს მიმართეს