ზელენსკი: ომის დაწყებიდან მეხუთე წელს რუსეთი სრულებით არ გამოიყურება ისე, როგორც მას სურდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში უკრაინელ მებრძოლებთან ერთად. 2026 წლის 30 სექტემბერი

1-ლ ოქტომბერს უკრაინა აღნიშნავს უკრაინის დამცველის დღეს. ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა დონეცკის ოლქში მოინახულა უკრაინელი მეომრები. მოისმინა მათგან ინფორმაცია, მადლობა გადაუხადა ბრძოლისთვის და არაერთი მათგანი დააჯილდოვა სხვადასხვა ორდენით.

„სრულმასშტაბიანი ომის მეხუთე წელს რუსეთი სრულებით არ გამოიყურება ისე, როგორც მას სურდა და ეს მხოლოდ თქვენი წყალობით მოხდა, ჩვენი ძალების მიზანსწრაფულობის, ჩვენი მეომრების მომზადებულობის, ჩვენი არმიის - უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების კარგად დაგეგმილი ოპერაციების წყალობით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა სამხედროებისადმი მიმართვისას.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ურთულესი პირობების მიუხედავად, უკრაინელი სამხედროები შედეგებს აღწევენ:

„ჩვენი მეომრები, რომლებიც ფლობენ უპირატესობას ფრონტზე ტექნოლოგიის გამოყენებაში, ხშირად რთულ, მძიმე პირობებში, მცირე ძალებით და დარტყმების მუდმივი საფრთხის ქვეშ - მათ შორის მართული საავიაციო ბომბების და რუსეთის სხვა თავდასხმების საფრთხის ქვეშ - აღწევენ უკრაინისა და უკრაინელებისთვის აუცილებელ შედეგებს“.

ასევე ნახეთ

“ერთ დაღუპულ უკრაინელზე შვიდი დაღუპული რუსი მოდის” - მეთიუ „Sovereign“ სემპსონი

უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა რუსეთის განუწყვეტელი თავდასხმებით შექმნილ რთულ ვითარებაზე:

„ენერგოინფრასტრუქტურაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, საკუთრივ - სიცოცხლეზე “შაჰედებითა“ და რაკეტებით რუსეთის მუდმივი თავდასხმების გამო, ახლა რთული ვითარებაა ბევრ ქალაქსა და დასახლებაში, მათ შორის დედაქალაქში“.

30 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მესამე საარმიო კორპუსის მართვის პუნქტში იმყოფებოდა, სადაც შეხვდა Kraken-ის უპილოტო სისტემების 21-ე ცალკეული პოლკის მებრძოლებს.

ასევე ნახეთ

“იცით, რას წარმოადგენს ოლეშკის მორგი?” - როგორი სახე აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას

პოლკის მეთაურმა ოლეჰ რომანოვმა პრეზიდენტ ზელენსკის მოახსენა მისი დანაყოფის როლზე „ოპერაცია ვივალდიში“, აგრეთვე საშუალო მანძილზე ოკუპანტის ლოგისტიკის მოშლის ოპერაციებსა და პოლკის საჭიროებებზე.

სამხედროების თქმით, მნიშვნელოვანია მეომრების სამართლიანად დაჯილდოება არა მხოლოდ დარტყმების განხორციელებისთვის, რომლებსაც მყისიერი ეფექტი აქვს, არამედ იმ ოპერაციებისთვისაც, რომლებიც მტერზე განგრძობად ზეგავლენას ახდენს.

ზელენსკიმ ოქროს ვარსკვლავის ორდენი გადასცა უკრაინის გმირს, უფროს ლეიტენანტ ანდრი კუპრიანოვს, რომელმაც 2022 წლიდან მან გაიარა გზა ოცმეთაურიდან მექანიზებული ბატალიონის მეთაურამდე. მას მონაწილეობა აქვს მიღებული დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ტერიტორიების დაცვასა და გათავისუფლებაში. ის პირადად ხელმძღვანელობდა კონტრიერიშებსა და იერიშებს. 2026 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, „ოპერაცია ვივალდის“ ფარგლებში ბატალიონის ქვედანაყოფებმა, მისი ხელმძღვანელობით არა მხოლოდ გაათავისუფლეს დასახლებები, არამედ ჩაჭრეს მტრის ლოგისტიკა და რუსები მომარაგების გარეშე დატოვეს. შედეგად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიპოვეს დამატებითი უპირატესობა, გაანადგურეს თითქმის 200 ოკუპანტი და 20 ტყვედ აიყვანეს.

ასევე ნახეთ

ოპერაცია „ვივალდი“ -  უკრაინის არმიის „ჩუმი“ და წარმატებული კონტრშეტევა

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ მესამე საარმიო კორპუსის მეომრებმა, სხვა დანაყოფებთან ერთად უკვე განახორციელეს "ოპერაცია ვივალდის" სამი სეზონი, რა დროსაც რუსეთის დანაკარგი დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 5 ათასს აჭარბებს. ტყვედ არის აყვანილი 250 ოკუპანტი. შეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ კონტროლი დაიბრუნა 176 კვადრატულ კილომეტრზე. ბრიგადის გენერალმა ანდრი ბილეცკიმ პრეზიდენტ ზელენსკის მოახსენა "ოპერაცია ვივალდის" მეოთხე სეზონის გეგმებზე.

უკრაინის დამცველის დღე 2014 წელს - რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთსა და ყირიმში რუსეთის აგრესიის კონტექსტში დაწესდა და პირველად 2015 წელს აღინიშნა.