Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“იცით, რას წარმოადგენს ოლეშკის მორგი?” - როგორი სახე აქვს ჰუმანიტარულ კატასტროფას

ოკუპირებული ოლეშკის მოსახლეობას უკრაინული მხარე საკვებს დრონებით აწვდის
ოკუპირებული ოლეშკის მოსახლეობას უკრაინული მხარე საკვებს დრონებით აწვდის

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკის სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებს მდინარე დნიპროს უკრაინელების მიერ კონტროლირებადი ნაპირიდან - იქ საკვებიც იშოვება და წამალიც. თავად ოლეშკიში კი მათ მოპოვებას შეიძლება ადამიანის სიცოცხლე შეეწიროს.

ადგილობრივები დანაღმულ ქუჩებზე, ცაში გამუდმებით მფრენ დრონებსა და საყოველთაო განუკითხაობაზე საუბრობენ - მათი თქმით, გარდაცვლილთა ცხედრები კვირების განმავლობაში დაუმარხავი რჩება, ხოლო ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული მანქანები ქალაქამდე მიღწევას ვერ ახერხებენ: ან ნაღმებზე ფეთქდებიან ან დრონების სამიზნე ხდებიან.

რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ოლეშკიში თითქმის 24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. რუსებმა ქალაქი ომის პირველივე დღეებში დაიკავეს, 2023 წლის ივნისში კახოვკის კაშხლის განადგურების შემდეგ კი მისი დიდი ნაწილი დაიტბორა. დღეს ქალაქში დაახლოებით 4 ათასი ადამიანია დარჩენილი, მათ შორის არიან ბავშვებიც. მაისის ბოლოდან საკვების საავტომობილო გზით რეგულარული მიწოდება, ფაქტობრივად, შეწყდა. ოლეშკიში გამომწყვდეული მოსახლეობისათვის მოახლოებული ზამთარი სურსათისა და წამლების მწვავე დეფიციტს ნიშნავს, ქალაქიდან უსაფრთხოდ გასვლის შესაძლებლობის გარეშე.

27 სექტემბერს ხერსონის საოლქო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში ოლეშკიში, წინასწარ განსაზღვრულ ას ადგილას, დრონებით დაახლოებით 4 ათასი კილოგრამი საკვები ჩაიტანეს. თუმცა უცნობია, თუ რამდენ ოჯახამდე მიაღწია დახმარებამ. ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რომ მათ ოჯახებს საკმარისი საკვების შოვნა კვლავაც უჭირთ.

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსი სამხედროები კარდაკარ დადიან, დრონებით ჩამოტანილი საკვების ნაწილს ართმევენ მოსახლეობას და დაკავებით ემუქრებიან. უკრაინა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ითხოვს - კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი ამაზე უარს ამბობს და მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს. მოსკოვის მიერ დანიშნული ხელისუფლება კი კრიზისის არსებობას უარყოფს და ბრალს უკრაინას სდებს.

სიმართლის გასაგებად ველაპარაკეთ მათ, ვისი ნათესავები და ახლობლები ჯერ კიდევ გარე სამყაროდან მოწყვეტილ ოლეშკიში რჩებიან.

49 წლის ვლადიმირ კოსტიანი, ყოფილი მეფუტკრეა. ის ოლეშკიში 2026 წლის მარტამდე იმყოფებოდა, შემდეგ კი ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწაულებრივად მოახერხა თავის დაღწევა.

„5 მარტს წამოვედით, სამი მანქანისგან შემდგარი კოლონით. ჩემი მანქანის კაპოტს დიდი ასოებით ეწერა: „ადამიანები“. ვიცოდით გზის მონაკვეთი, რომელიც წინასწარ იყო განაღმული. ჩემთან ერთად ქალები და შინაური ცხოველები მგზავრობდნენ”- გვიყვება კოსტიანი.

რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ ოლეშკიში ყოფნისას, გარკვეული ხნით რუსების ტყვეობაშიც იყავით. როდის და რატომ დაგაკავეს?

კოსტიანი: 2022 წლის 15 ნოემბერს ამიყვანეს. 2023 წლის 23 ნოემბერს გამათავისუფლეს, ოღონდ მანამდე ხელწერილი დამაწერინეს, რომ იქაურობას არ დავტოვებდი.

დამაკავეს იმიტომ, რომ ხალხთან საკვები მიმქონდა. ამ საქმეში ოთხი მანქანა დავკარგე. ერთს დრონი მოხვდა, დანარჩენები ნაღმებზე აფეთქდა. რაც შეეხება იმას, თუ რისი დამტკიცებაც ვერ მოახერხეს - უკრაინის თავდაცვის ძალებს რუსული სამხედრო ტექნიკის კოორდინატებს ვაწვდიდი და მშვიდობიან მოქალაქეებს ოკუპირებული ტერიტორიიდან გასვლაში ვეხმარებოდი. ვამაყობ, რომ ჩემი დახმარებით რუსების ორი С-300-ის გამშვები დანადგარი განადგურდა.

დენით მაწამებდნენ, „ტაპიკს“, საბჭოთა საველე ტელეფონ ТА-57-ს იყენებდნენ. სასქესო ორგანოებზე სადენებს მიმაგრებდნენ და დამცინოდნენ, ახლა პუტინს დავურეკავთო.

რადიო თავისუფლება: როგორ გეპყრობოდნენ პატიმრობისას?

კოსტიანი: დენით მაწამებდნენ, „ტაპიკს“, საბჭოთა საველე ტელეფონ ТА-57-ს იყენებდნენ. სასქესო ორგანოებზე სადენებს მიმაგრებდნენ და დამცინოდნენ, ახლა პუტინს დავურეკავთო.

იმ ჯოჯოხეთში მხოლოდ ერთი წელი გავატარე. მათ, ვინც ტყვეობაში უფრო დიდხანს იყვნენ, გაცილებით უარესი რამ გადაიტანეს. ოლეშკისა და ჰოლი-პრისტანის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით ცხრა საწამებლის შესახებ ვიცი. ისინი პოლიციის შენობებშია მოწყობილი, რომლებიც ოკუპაციის დაწყებისას დაიკავეს.

ადამიანებს გამუდმებით იტაცებენ. ზოგს პროუკრაინული შეხედულებების გამო მიათრევენ, ზოგს კი იმიტომ, რომ მათ ნათესავებს ფული გამოსძალონ.

რადიო თავისუფლება: ოლეშკიში დარჩენილ ხალხთან კავშირს ინარჩუნებთ?

კოსტიანი: დიახ, დაახლოებით კვირაში ერთხელ ვახერხებ მათთან საუბარს. ზოგჯერ უკრაინული მობილური ოპერატორების სიგნალს იჭერენ.

რუსი ჯარისკაცები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას უკრაინულ სიმ-ბარათებს ართმევენ. ამას ნაწილობრივ იმისთვის აკეთებენ, რომ ადამიანები კავშირის გარეშე დატოვონ, მაგრამ მეორე მიზეზიც აქვთ: თვითონაც არ გააჩნიათ საიმედო კავშირი და იძულებული არიან, უკრაინული ქსელებით ისარგებლონ.

იჰორი (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) მოზარდი ბიჭი, რომელიც ახლა პოლონეთშია, ოლეშკიში დარჩენილ ბებია-ბაბუას ასევე მხოლოდ მაშინ უკავშირდება, როდესაც ისინი უკრაინული მობილური ქსელის სიგნალის დაჭერას ახერხებენ. იმავეს გვიყვება მარიანა (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) 36 წლის ქალი, რომელიც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა ახლა, ოლეშკიში მას მამა, ბებია და ბიძა დარჩა.

“ინფორმაციას დიდი სიფრთხილით ვცვლით, რადგან ისეთი განცდა გვაქვს, რომ გვისმენენ. ექო გვესმის, მათ შორის საკუთარი ხმაც. საუბრისას ხარვეზებია, რაღაც მექანიკური ხმაური ისმის” - ამბობს ს.მ.

ასეთი საუბრებისას იგებენ ჩვენი რესპონდენტები, ახლა რა მდგომარეობაა ოლეშკიში და როგორ ცხოვრობენ იქ დარჩენილი ადამიანები.

არც დენი, არც გაზი, არც საკვები

საკვები რეგულარულად აღარ შემოდის. ერთი კილოგრამი ფქვილი ოლეშკიში ახლა თითქმის 2 500 გრივნა (დაახლოებით 146 ლარი) ღირს.

კოსტიანი: უკიდურესად მძიმე პირობებში არიან. წყალი არის, რადგან თითქმის ყველა ეზოში საკუთარი წყლის ტუმბო აქვთ. მაგრამ არც დენია და არც გაზი.

ზოგმა მზის პანელების შოვნა მოახერხა, თუმცა ისინიც უკვე დაზიანებულია და ძლივს მუშაობს. შეიძლება ძველი ტყვია-მჟავას აკუმულატორებიც ჰქონდეთ შემორჩენილი.

საკვები რეგულარულად აღარ შემოდის. ერთი კილოგრამი ფქვილი ოლეშკიში ახლა თითქმის 2 500 გრივნა (დაახლოებით 146 ლარი) ღირს. ზოგი მოვაჭრე ველოსიპედით ახერხებს დანაღმული მონაკვეთებისთვის გვერდის ავლას, მაგრამ ასე რამდენი რამის ჩამოტანა უნდა შეძლონ?

ოლეჰი (სახელი შეცვლილია რესპონდენტის თხოვნით) შუახნის კაცი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ოლეშკიდან რამდენიმე კილომეტრში ცხოვრობს. ქალაქში მისი ოჯახის წევრები და სხვა ნათესავები რჩებიან. ოლეჰი ჰყვება, რომ ხალხი საკუთარ სახლებშია გამოკეტილი და გარეთ ვერ გამოდის.

“ირგვლივ ყველაფერი დანაღმულია. ჩემები მეზობელთან სამას მეტრში მისვლას ვერ ახერხებენ. ცოტაოდენი საკვების საშოვნელად სახლიდან გასვლაც კი სიკვდილის საფრთხეს ნიშნავს.

სხვა ნათესავები ოლეშკის გარეუბანში ცხოვრობენ. შემთხვევით შეიტყვეს ბილიკის შესახებ, რომლითაც ნაღმებისთვის გვერდის ავლა შეიძლება. ოლეშკის მახლობლად მდებარე ერთ-ერთი სოფლის მკვიდრ კეთილ ადამიანებს შეუთანხმდნენ, რომ შესახვედრად გამოსულიყვნენ. მათი წყალობით ცოტაოდენი საკვების მიღება მოახერხესო - ამბობს.

იჰორის ბებია და ბაბუა კერძო სახლში არიან ჩარჩენილი. დაახლოებით წელიწად-ნახევარია, რაც არც გაზი აქვთ და არც ელექტროენერგია. კახოვკის კაშხლის განადგურებისას მათი სახლიც დაიტბორა, თუმცა შემდეგ ბებიამ და ბაბუამ მისი ასე თუ ისე მოწესრიგება მოახერხეს. იჰორი ამბობს, რომ ბალონებში გაზი კიდევ აქვთ შემორჩენილი, გაზქურაც აქვთ და საჭმლის მომზადებას ახერხებენ. შინაური ფრინველები ჰყავთ, ბოსტანიც აქვთ და ცდილობენ, იქ რაღაც მოიყვანონ.

ადრე მოხალისეები ეხმარებოდნენ, საკვებსა და წამლებს აწვდიდნენ. ან რომელიმე ახლო ნათესავი ორ კვირაში ერთხელ მაინც, დანაღმული ადგილების შემოვლით ბილიკებს პოულობდა და რაც სჭირდებოდათ, მიჰქონდა. ახლა ეს შეუძლებელია. მოხალისეები მათთან ვეღარ აღწევენ, ნათესავებს კი ბებიამ და ბაბუამ თავად აუკრძალეს მისვლა, რადგან რუსმა ჯარისკაცებმა ყველა ბილიკი ხელახლა დანაღმეს და მეტისმეტად სახიფათო გახდა.

ადრე აუცილებელი წამლების შეკვეთა ოკუპირებულ ქალაქებში, ფრონტის ხაზიდან მოშორებულ ადგილებში შეიძლებოდა და ჩემს ნათესავებამდეც როგორღაც მიჰქონდათ. ახლა ეს სრულიად შეუძლებელიაო - ჰყვება იჰორი.

მარიანას ნათესავებს არც ელექტროენერგია აქვთ და არც გაზი. თავს მხოლოდ იმით ირჩენენ, რაც საკუთარ ბოსტანში მოჰყავთ. ახლა აღარაფერი იშოვება: არც საკვები, არც პური, არც საწვავი, გენერატორის ჩართვა რომ შეძლონ. სახლიდან გასვლა უკიდურესად სახიფათოაო- გვიყვება ის.

როგორ უნდა გადაიტანონ ზამთარი?

კოსტიანი: გათბობის მხრივ ოლეშკიში კატასტროფული მდგომარეობაა. არ ვიცი, ხალხი ზამთარს როგორ გადაიტანს. ხუთსართულიან და ცხრასართულიან კორპუსებში, ბინების შიგნით, ტემპერატურა შეიძლება მინუს ხუთ გრადუსამდე დაეცეს.

იჰორი: შეშის იმედად არიან. ფიჩხს აგროვებენ. გასულ ზამთარს ნათესავებმა გამხმარი ხეები შეაგროვეს და მათ ეზოში შეშად დაჭრეს.

ადრე ყველაფერი მოხალისეებისა და ნათესავების დახმარებაზე იყო დამოკიდებული. ახლა კი ყველაფერი მხოლოდ ბებიასა და ბაბუას შრომაზეა. დახმარებას აღარავისგან ელიან, რადგან ვეღარსად იყიდი ვერც ქვანახშირს და ვერც შეშას. ყველაფერს თავად უნდა გაართვან თავი.

მარიანა: ძალიან გაუჭირდებათ. საშინელი ზამთარი იქნება. ბებია ძალიან ხანდაზმულია, ძლივს მოძრაობს. წამლები უკიდურესად სჭირდება, მაგრამ ვერსად შოულობს. ვერც იქიდან გასვლა ხერხდება და ვერც ადგილზე წამლების პოვნა.

„ყველაფერი დანაღმულია“

რადიო თავისუფლება: ევაკუაციისთვის რაიმე გზა დარჩენილია?

კოსტიანი: არა. ყველაფერი დანაღმულია და მერე ხელახლა დანაღმული. ირგვლივ უამრავი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა და ნამსხვრევი ყრია, ყველაფერი „პეტალის“ ნაღმებითაა მოფენილი [ПФМ-1 ტიპის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი]. მდინარის მთელი ნაპირი დანაღმულია.

რუსები მოდიან და ნაღმავენ. მერე როტაცია ხდება, მათ შემცვლელად მოსული რუსები ამ ნაღმებზე ფეთქდებიან და ბოლოს მთელ ტერიტორიას თავიდან ნაღმავენ. მეშინია, რომ ოლეშკი ვეღარასოდეს აღდგება, იქ სიცოცხლე ვეღარ დაბრუნდება.

ოლეჰი: საევაკუაციო დერეფნები რუსეთის ტერიტორიის გავლით რომც გაიხსნას, უკრაინელ მშვიდობიან მოქალაქეებს სასტიკი ფილტრაციის გავლა მოუწევთ. მამაკაცების უმეტესობას ან იძულებით გაიწვევენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, ან რუსეთის ციხეებში გაუშვებენ.

დნიპროს გავლით თუ გაიხსნება საევაკუაციო გზა, მზად ვარ, ეს უზარმაზარი მდინარე გასაბერი ლეიბით გადავცურო. მეშინია, ცხადია, მაგრამ ადამიანურად სიცოცხლე მინდა.

ცხედრები ქალაქში

რადიო თავისუფლება: მართალია, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები შეიძლება ქუჩებში ეყაროს?

კოსტიანი: შემატყობინეს, რომ ამ წუთებშიც ოლეშკიდან გასასვლელ გზაზე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ასვენია. არ ვიცი, რა ვითარებაში დაიღუპა ეს კაცი. უკვე სამი დღეა, მის გამოტანას ვერ ახერხებენ.

მარტში, როცა ჯერ კიდევ ქალაქში ვიყავი, ნაღმებზე აფეთქებული რუსი სამხედროების ცხედრები ვნახე. არ გაჰქონდათ, რადგან რუსებს იმ ადგილებში გამართული ლოგისტიკა არ აქვთ. დაჭრილები ტყის ზოლებისა და ტყეების გავლით როგორღაც მაინც გაჰყავთ, დაღუპულებს კი ტოვებენ. მათი ცხედრები იხრწნება და ძაღლები გლეჯენ.

მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები თავად გამოგვქონდა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდით. იცით, რას წარმოადგენს ოლეშკის მორგი? სარდაფია, სადაც დაახლოებით 90 ცხედარი იხრწნება. სუნი აუტანელია. ცხედრები უბრალოდ აწყვია და იხრწნება, ამ ადამიანების ღირსეულად დაკრძალვის საშუალება კი არ არსებობს.

ოლეჰი: როცა ირგვლივ ყველაფერი დანაღმულია, თავზე კი დრონები დაფრინავენ და ადამიანებზე ნადირობენ, ქუჩიდან ცხედრების გამოტანასა და მიცვალებულების ღირსეულად დაკრძალვას ვერავინ ახერხებს. ამიტომ ცხედრები შეიძლება ქუჩაშივე დარჩეს და გაიხრწნას, ან მაწანწალა ძაღლებმა დაგლიჯონ. ეს საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.

მარიანა: ჩემს ნათესავებს მოუხდათ დახოცილი ბავშვების დაკრძალვა, ასევე გოგონებისა და ქალების, რომლებიც გააუპატიურეს და მოკლეს. მათი ცხედრები ქუჩაში იპოვეს.

რუსი სამხედროები კარდაკარ

იჰორი: გამუდმებით კარდაკარ დადიან. იციან, რომ ჩვენთან, სახლში ცხოვრობენ. სხვა მიტოვებული სახლებიდან კი უკვე ყველაფერი გაზიდეს, რაც ღირებულად მიიჩნიეს. მაროდიორობა მძვინვარებს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კატეგორიები

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG