რუსეთის ჯარებმა კიევს და ოდესას დაარტყეს

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 1 ოქტომბერს, ოდესაზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად ნაწილობრივ დანგრეულია ბიზნეს-ცენტრის შენობა

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე და ქალაქ ოდესაზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, არიან დაშავებულები. შეტევამ, რომელიც გასული ღამიდან დაიწყო, მასშტაბური ხანძრები გამოიწვია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ სოციალური ქსელებით 1 ოქტომბერს დილით გავრცელებული ცნობებით, კიევში ერთი ადამიანი დაშავდა. დედაქალაქის სოლომიანსკის რაიონში დაიწვა 16-სართულიანი სახლის პირველი სართული. ობოლონსკის რაიონში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა სასაწყობე შენობაში. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, პეჩერის რაიონში დრონით დარტყმა იყო არასაცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე.

განახლება: კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ დილით სოლომიანსკის რაიონში დრონით დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სკოლის შენობაში. ბავშვები თავშესაფარში იმყოფებოდნენ. კლიჩკოს ცნობით, კიევის ამავე რაიონში შეტევა იყო სასაწყობე შენობებზე.

ქალაქ ოდესაში დარტყმა იყო ბიზნეს-ცენტრზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი. დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეულია ბიზნეს-ცენტრის ორი შენობა, სადაც ხანძარიც გაჩნდა.

ასევე ნახეთ

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის მთავარი სამიზნე ენერგოობიექტები იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 1 ოქტომბერს დილით გავრცელებული ცნობით, კიევში უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ცენტრ „რენტა ლოგისტიკს", რომლის სასაწყობე შენობაში უეკიპაჟო კატერების მწარმოებელი საამქრო იყო, ხოლო ქალაქ ოდესაში და ოდესის ოლქში - სადაზვერვო და სხვა სახის მონაცემთა დამუშავების ცენტრს და სატვირთო გემს, რომელსაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა.

სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას შეუტია 107 უპილოტო საფრენი აპარატით. მათგან 63 რეაქტიული იყო. 1 ოქტომბრის დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 87 დრონის მოგერიება და მოუგერიებელი აპარატებით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.

  • ერთი დღით ადრე, 30 სექტემბერს რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ელექტროსადგურებზე და იმ ობიექტებზე, რომლებიც მოსახლეობას ცხელი წყლით და გათბობით ამარაგებენ.
  • უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ და სახელმწიფო ენერგოკომპანიამ განაცხადეს, რომ ენერგოობიექტების დაზიანების გამო შეუძლებელი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების დადგენილი გრაფიკების დაცვა.

ასევე ნახეთ

კრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას