Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდეს ბირთვული იარაღით დამუქრებას

კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი
კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი

კრემლი ევროპელების „თავგასულ განცხადებებზე“ რეაგირებად მიიჩნევს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის საელჩოების გაფრთხილებას, რომ კალინინგრადის ოლქის შესაძლო ბლოკადას რუსეთი ყველა საშუალებით, მათ შორის ბირთვული იარაღით უპასუხებს. ნატოსთვის ეს რუსეთის უგუნური კამპანიის გაგრძელებაა.

რა თქვა კრემლმა საელჩოების მეშვეობით?

გასული ორი დღის განმავლობაში, 28-29 სექტემბერს რუსეთის საელჩოებმა ბელგიაში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში გაავრცელეს დაახლოებით ერთნაირი შინაარსის განცხადებები, რომლებშიც უარყოფილია, რომ რუსეთი ევროპაში შეჭრას გეგმავს, მსგავსი ცნობების გავრცელების მიზნად დასახელებულია ევროპის თავდაცვის ხარჯების გაზრდის გამართლება და უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება, ნათქვამია, რომ საფრთხე დასავლეთისგან თავად რუსეთს ემუქრება და თუ ნატოს სახელმწიფოები შეეცდებიან დანარჩენი რუსეთისგან კალინინგრადის ოლქის იზოლირებას, რუსეთი მზად არის გამოიყენოს მთელი თავისი არსენალი, მათ შორის ბირთვული იარაღი. სამი საელჩოდან კონკრეტულად ბირთვული იარაღი მხოლოდ ბელგიაში რუსეთის საელჩოს არ უხსენებია.

საელჩოების განცხადებებს 30 სექტემბერს მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე „ცხელი თავებისთვის შეხსენება“ უწოდა კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა:

„არაერთხელ მოგვისმენია განცხადებები პოლონეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან - საკმაოდ თავგასული განცხადებები, - რომლებიც ეხებოდა კალინინგრადის თემასაც, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენი დიპლომატები ცდილობენ შეახსენონ ცხელ თავებს ევროპაში, ჩვენი წარმმართველი დოკუმენტები ამასთან დაკავშირებით".

პესკოვს არ დაუკონკრეტებია, რა შინაარსის იყო ეს „თავგასული განცხადებები".

ნატოს რეაქცია

ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ელისონ ჰარტმა 29 სექტემბერს მედიასაშუალებებს განუცხადა, რომ ნატო მხოლოდ თავდაცვითი ალიანსია და მისი ქმედებები სარისკო არ არის რუსეთის არცერთი ნაწილისთვის. ნატო გმობს ძალის გამოყენებით მუქარას და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას და რუსეთს მოუწოდებს უკრაინაში ომის შეწყვეტისკენ. ნატოს აქვს ყველა საშუალება, დაიცვას ალიანსის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს ტერიტორია და წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ საფრთხეს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ 29 სექტემბერს, ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი მტრული მოქმედებების უგუნურ კამპანიას განაგრძობს და ცდილობს ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა შეაჩეროს, რაც არ გამოუვა. რიუტეს თანახმად, უკრაინისთვის უფრო მეტს გააკეთებენ.

30 სექტემბერს სააგენტო Reuters-მა დაწერა, რომ გაეცნო რუსეთის მიერ ნატოსთვის გაგზავნილ დოკუმენტს, რომელშიც ალიანსს აფრთხილებს ბირთვული იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნაზე, თუ ნატო შეეცდება რუსეთისთვის კალინინგრადის ოლქის ჩამოჭრას.

რუსეთი ნატოს ადანაშაულებს „სახიფათო და უგუნურ კურსში“, რომელიც პირდაპირი შეიარაღებული კონფლიქტის მაღალ რისკს შეიცავს. რუსეთი ალიანსის წევრ სახელმწიფოებში გადაწყვეტილებების მიმღებ ცენტრებზე დარტყმებით იმუქრება.







ფორუმი

​
XS
SM
MD
LG