კახეთში სასკოლო მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა - დაშავდა ცხრა მოსწავლე

ერთ მოსწავლეს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს - ხელის მტევანი, კიდევ ერთს კი ტვინის შერყევა აქვს. საილუსტრაციო ფოტო

სასკოლო მიკროავტობუსი, რომელსაც ყვარლის მუნიციპალიტეტის ორი სოფლიდან, ჩანტლისყურიდან და ზინობიანიდან, 15 მოსწავლე ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში მიჰყავდა, დღეს, 1 ოქტომბერს, დილით ავარიაში მოყვა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი სოფლის შიდა გზიდან ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე გადავიდა. მას მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

15 მოსწავლიდან ცხრა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ყვარლის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. დანარჩენი ექვსი არ დაშავებულა.

რადიო თავისუფლებას ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქეთევან ჭიპაშვილმა უთხრა, რომ ერთ მოსწავლეს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, მეორეს - ხელის მტევანი, კიდევ ერთს კი ტვინის შერყევა აქვს. დანარჩენებს დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

„მე თავად ვიყავი კლინიკაში და ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. მათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა უტარდებათ“, - თქვა ჭიპაშვილმა.

ჩანტლისყურესა და ზინობიანში არასრული, 9-წლიანი სკოლებია და მოსწავლეები საშუალო განათლების მიღებას სოფელ ახალსოფლის პირველ საჯარო სკოლაში აგრძელებენ. მათ ტრანსპორტირებას მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული კერძო მიკროავტობუსი უზრუნველყოფს.

ასევე ნახეთ

“არ არსებობს ერთდღიანი ტური გომის მთაზე” - როგორ გადავრჩეთ გზებზე

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოავარიაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.