გარი კასპაროვმა 30 სექტემბერს გვიან ღამით თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ ის და ოპოზიციური გაერთიანების, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ კიდევ ერთი დამფუძნებელი ივან ტიუტრინი აშშ-ის და ლიეტუვის სპეცსამსახურებმა გააფრთხილეს, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია.
რა უძღოდა წინ კასპაროვის განცხადებას?
30 სექტემბერს ესპანურმა გამოცემა El Mundo-მ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ რუსეთი რამდენიმე თვის განმავლობაში გეგმავდა გარი კასპაროვის მკვლელობას აშშ-ში და მას 2026 წლის ზაფხულში შეერთებული შტატების ხელისუფლებამ შეატყობინა, რომ კრემლის გეგმის სამიზნეა. გამოცემის თანახმად, რუსეთი აშშ-ში გეგმავდა კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერის, დუმის ყოფილი დეპუტატის, ილია პონომარიოვის მკვლელობას და კიდევ ერთი დისიდენტის - ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში.
ორი კვირით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ში ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა რუსეთის, კუბის და ვენესუელის მოქალაქეებს, მათ შორის რუსეთის სპეცსამსახურების ორ ოფიცერს. გამოძიების თანახმად, ბრალდებულები წარმოადგენდნენ რუსეთის სახელმწიფოს მიერ შექმნილ გლობალურ ქსელს RIS Network, რომელიც დაკავებულია უცხოეთში თავდასხმების, მათ შორის მკვლელობების ორგანიზებით და ფოკუსირებულია რუს დისიდენტებზე.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთ-ერთი, ვის მკვლელობასაც ჯგუფი გეგმავდა, აშშ-ში მცხოვრები ცნობილი რუსი დისიდენტია და მზადდებოდა თავდასხმა ლიეტუვაში მცხოვრებ რუს ოპოზიციონერზეც.
ასევე ნახეთ
აშშ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებს ადანაშაულებს მკვლელობების მომზადებაში„მაინც შოკია"
გარი კასპაროვის თანახმად, „კრემლს დიდი ხნის „სიყვარული“ აქვს თავისი კრიტიკოსებისა და მტრების მოშორების უცხოეთში“, ამიტომ ცნობა, რომ ის და ივან ტიუტრინი „მკვლელობის სამიზნეთა სიაში“ არიან, მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა „მაინც შოკია".
კასპაროვის ინფორმაციით, მისთვის და ტიუტრინისთვის პირდაპირ არ უთქვამთ, რომ აშშ-ის საგამოძიებო მასალებში მათი გვარებია, მაგრამ აშშ-ის და ლიეტუვის სპეცსამსახურებმა აცნობეს, რომ მათი სიცოცხლე საფრთხეშია და სიფრთხილის ზომებს უნდა მიმართონ.
გარი კასპაროვის თანახმად, ასეც მოიქცა და მომავალშიც ასე მოიქცევა, მაგრამ არ გაჩერდება, არ დაიმალება და გააკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ თავისუფალი მსოფლიო გააერთიანოს „პუტინის სისხლიან დიქტატურასთან“ საბრძოლველად. კერძოდ, მიაღწიოს უკრაინის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაზრდას და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ ზომებს.
კასპაროვმა საჯაროდ დაწერა, რომ იმყოფება სტრასბურგში, სადაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით ცდილობენ რეჟიმზე ზეწოლას.
ასევე ნახეთ
რუსეთის სასამართლომ გარი კასპაროვი დაუსწრებლად დააპატიმრა - უკვე მეორედ- რუსეთის ხელისუფლებას პუტინისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვი „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული. კასპაროვი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშიცაა.