Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ გარი კასპაროვი დაუსწრებლად დააპატიმრა - უკვე მეორედ


გარი კასპაროვი
გარი კასპაროვი

მოსკოვის სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა პუტინის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ აქტივისტს, წარსულში მსოფლიოს ჩემპიონს ჭადრაკში, გარი კასპაროვს. მას ბრალად ედება „ტერორიზმის გამართლება“.

გარი კასპაროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“ სასამართლოზე დაყრდნობით დღეს, 23 დეკემბერს წერს, რომ კასპაროვისთვის დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყება „რუსეთში მისი დაკავების, ან რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან“.

გარი კასპაროვისთვის წაყენებული ბრალი - „ტერორიზმის საჯარო გამართლება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენებით“, ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. კონკრეტულად რა ფაქტებს ეხება ბრალი, „ტასი“ არ წერს.

რუსეთის ხელისუფლებას პუტინისა და უკრაინაში ომის მოწინააღმდეგე გარი კასპაროვი „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული. კასპაროვი „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ რეესტრშიცაა.

რუსეთის სასამართლომ უკვე მეორედ მიიღო გარი კასპაროვის დაუსწრებლად დაპატიმრების გადაწყვეტილება.

2024 წლის აპრილში ქალაქ სიკტივკარის სასამართლომ კასპაროვს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა „ტერორისტული გაერთიანების შექმნის“ ბრალდებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG