გირაოთი გათავისუფლდა მიხაილ ტიმოფეევი, რომლის რუსეთში ექსტრადიცია იგეგმებოდა

მიხაილ ტიმოფეევი (ცენტრში) ადვოკატებთან ერთად, 2026 წლის 1 ოქტომბერი

რუსეთის მოქალაქე მიხაილ ტიმოფეევი 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს საექსტრადაციო პატიმრობიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მისმა ადვოკატმა, რუსუდან მჭედლიშვილმა.

მანამდე, 29 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოიყენა და საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია და დეპორტაცია კომიტეტში საქმის განხილვის დასრულებამდე.

ასევე ნახეთ

ადვოკატი: გაეროს კომიტეტმა საქართველოს აუკრძალა ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია

რუსეთის ხელისუფლება ტიმოფეევს ადანაშაულებს 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობებსა და მკვლელობის მცდელობებთან კავშირში. თავად ტიმოფეევი ბრალს უარყოფს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ტიმოფეევის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნანა შამათავამ, მიიღო. ადვოკატის ინფორმაციით, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია სრულად გაიზიარა.

გირაოს გარდა, ტიმოფეევს დამატებითი შეზღუდვებიც დაუწესდა:

  • მას აეკრძალა საქართველოს დატოვება;
  • საღამოს 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე სახლიდან გასვლა;
  • დაევალა კვირაში სამჯერ პროკურატურაში გამოცხადება;
  • მისამართის ან ტელეფონის ნომრის შეცვლამდე 24 საათით ადრე შესაბამისი უწყებისთვის შეტყობინება;
  • პასპორტის ან სხვა მოქმედი სამგზავრო დოკუმენტის პროკურატურისთვის ჩაბარება.

ასევე ნახეთ

„ჩემი სიცოცხლის საკითხი წყდება“ - თბილისში დაკავებული ტიმოფეევის რუსეთში ექსტრადიცია სასამართლომ დასაშვებად ცნო

რას ედავებიან ტიმოფეევს

რუსეთში ტიმოფეევის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე 2004-2005 წლების მოვლენებს ეხება და უკავშირდება ხაბაროვსკის მხარის ყოფილ გუბერნატორ სერგეი ფურგალს.

რუსეთის გამოძიების ვერსიით, ტიმოფეევი იმ ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ფურგალის ბიზნესკონკურენტების წინააღმდეგ მოქმედებდა. ტიმოფეევი ამ ბრალდებებს უარყოფს.

მიხაილ ტიმოფეევი, ფოტო გამოცემა The Insider-ს მისმა ნათესავებმა მიაწოდეს

ფურგალი 2020 წელს დააკავეს. მის დაკავებას ხაბაროვსკში მოჰყვა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეები ფურგალის გათავისუფლებას ითხოვდნენ და მისი მხარდამჭერების ნაწილი მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. ფურგალი თავადაც არ აღიარებდა დანაშაულს.

2023 წელს ფურგალს მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე 22 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ხოლო მოგვიანებით, მეორე საქმეზე გამოტანილი განაჩენის შემდეგ, მისი საბოლოო სასჯელი 25 წლამდე გაიზარდა.

ასევე ნახეთ

„ღირებული თანამშრომლობა“ - რა ვიცით თურქეთში ძებნილების საქართველოში დაკავებაზე?