აშშ-მა გააფართოვა სანქციები საგადახდო ქსელ A7-ის წინააღმდეგ

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო. ვაშინგტონი, 8 აგვისტო, 2011.

შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა სანქციები საგადახდო ქსელ A7-ის წინააღმდეგ, რომელიც, როგორც იუწყებიან, რუსეთის ხელისუფლებასთან არის დაკავშირებული. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ეს ნაბიჯი გადაიდგა იმის გამო, რომ ირანის ხელისუფლება აღნიშნულ ქსელს ირანის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად იყენებდა.

ქსელი A7 ცნობილ იქნა „მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად“. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ნიშნავს იმ გადარიცხვების აკრძალვას, რომლებიც უკავშირდება ქსელის სუბაგენტების ოპერაციებს.

„ფინანსთა სამინისტრო ანგრევს ფინანსურ ინფრასტრუქტურას, რომელიც ირანსა და აშშ-ის სხვა მოწინააღმდეგეებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ სანქციებს, გაათეთრონ უკანონო სახსრები და ძირი გამოუთხარონ გლობალური ფინანსური სისტემის მთლიანობას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა. მან მიღებულ ზომებს უპრეცედენტო უწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქსელი A7 სანქციებისთვის გვერდის ავლის მიზნით შეიქმნა და სუბაგენტების გლობალურ ქსელს იყენებს - კომპანიებისა, რომლებიც სპეციალურად შეიქმნა სანქცირებულ პირებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობად შესანიღბად.

მანამდე აშშ-ში უკვე დაწესდა სანქციები A7-ის რამდენიმე სტრუქტურის წინააღმდეგ. ახალი ზომები მთელს ქსელს უნდა შეეხოს.

2026 წლის სექტემბერში Financial Times-მა მის ხელთ აღმოჩენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა გამოძიება იმის შესახებ, რომ A7-მა, დოკუმენტების გაყალბების მასშტაბური სქემის შედეგად, Standard Chartered-ის, Citigroup-ისა და სხვა საერთაშორისო ბანკების გავლით 6,9 მილიარდ დოლარზე მეტი გაატარა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლით. სქემა ეფუძნებოდა ფიქციური კომპანიების ქსელს, რომლებიც ანგარიშებს ხსნიდნენ მთელი მსოფლიოს ბანკებში და აყალბებდნენ ინვოისებს გადახდების რეალური ხასიათის დასაფარად.

მოლდოვიდან გაქცეულმა ოლიგარქმა ილან შორმა, რომელმაც რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, კომპანია 2024 წლის ბოლოს შექმნა სახელმწიფო ბანკ „პსბ“-ის მხარდაჭერით. ის შეიქმნა როგორც SWIFT-ის სისტემის ალტერნატივა, რომელსაც რუსეთის ბანკების უმრავლესობა გამოეთიშა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. კომპანია ირწმუნება, რომ მისი გავლით ხორციელდება რუსეთის სავალუტო ოპერაციების დაახლოებით მეხუთედი.

„რადიო თავისუფლებამ“ ადრე გამოაქვეყნა გამოძიება A7-ის საქმიანობის შესახებ, მათ შორის ყირგიზეთში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებიდან გამომდინარეობს, რომ სანქციების მთავარი მიზეზი გახდა ქსელის გამოყენება ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მიერ და არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.

ასევე ნახეთ

დენიელ ფრიდი აშშ-ს მოუწოდებს, თავი შეიკავოს რუსეთისადმი შერეული სიგნალებისგან