ფინეთის პარლამენტის სპიკერმა იუსი ჰალა-აჰომ პირველ ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მსგავსი შემთხვევების რაოდენობა „მნიშვნელოვანია“. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის(Yle) ინფორმაციით, დეპუტატების რიცხვი ოცზე ნაკლებია.
პარლამენტის ამ წევრებს თავიანთ სახლებში კარის გატეხის, ძარცვის ან დაზიანების კვალი არ აღმოუჩენიათ, თუმცა უცხო პირთა შეღწევის ნიშნებად მიიჩნევენ ღიად დატოვებულ კარს და ანთებულ შუქს იქ, სადაც თავად არ დაუტოვებიათ. ბოლო ინციდენტები სექტემბერში იყო.
პარლამენტის სპიკერის ინფორმაციით, დეპუტატები, რომლებსაც სახლებში უცხო პირთა შეღწევის ეჭვი აქვთ, სხვადასხვა სქესის და სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები არიან.
ასევე ნახეთ
ევროპის რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა რუსეთის მხრიდან დივერსიების გაძლიერებაზე გაფრთხილება გაავრცელესჰელსინკი არ გამორიცხავს უცხო ძალების ჩარევას
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ დეპუტატების სახლებში სავარაუდო შეღწევა სერიოზული პრობლემაა და დეტალურად იქნება გამოძიებული.
ჟურნალისტების შეკითხვას ინციდენტებთან უცხო სახელმწიფოების შესაძლო კავშირის შესახებ, ორპომ უპასუხა, რომ ეს გამორიცხული არ არის, მაგრამ თუ ვინმე ცდილობს ფინეთში დესტაბილიზაციას ან უკრაინის მხარდაჭერის შესუსტებას, ეფექტი საპირისპირო იქნება.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს(2027 წლის აპრილი) და იმას, რომ რუსეთმა არაერთხელ სცადა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში ჩარევა.
მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.