სარჯველაძე ბათუმელ ექიმზე: პაციენტის მიღებაზე უარი დარღვევაა, სამართლებრივი რეაგირება იქნება

ფოტოკოლაჟი: (მარცხნიდან) მიხეილ სარჯველაძე და ჯუმბერ ბოლქვაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დღეს, 2 ოქტომბერს, მედიასთან კომენტარში გამოეხმაურა ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელის, ჯუმბერ ბოლქვაძის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

სარჯველაძის განცხადებით, ჯუმბერ ბოლქვაძისთვის თანამდებობის დატოვება არავის მოუთხოვია და ექიმმა სამსახურის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო. ამასთან, მისი თქმით, პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმა მიუღებელია და ამ ფაქტს სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს.

„მან თვითონ, ბატონმა ჯუმბერმა, მიიღო გადაწყვეტილება ისე, რომ არავის ეს მისგან არ მოუთხოვია“, - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.

მისი მონაყოლით, შემთხვევა ივნისის დასაწყისში მოხდა, როდესაც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ნაოპერაციებ 85 წლის ქალს ოპერაციის შემდგომი გართულების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა. სარჯველაძის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური კლინიკას დაუკავშირდა, თუმცა პაციენტის მიღებაზე უარი მიიღეს.

მინისტრის მტკიცებით, იმ დროისთვის საავადმყოფოში თავისუფალი ადგილები იყო როგორც გადაუდებელი დახმარების, ისე რეანიმაციულ განყოფილებაში და პაციენტის იმავე კლინიკაში მიღება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თავად და რამდენიმე ხელმძღვანელი პირი ჩაერივნენ.

„აბსოლუტურად უსაფუძვლოდ უარს ამბობდა ერთი კონკრეტული ექიმი პაციენტის მიღებაზე. ეს, რასაკვირველია, არის დარღვევა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

მინისტრმა უარყო ინფორმაცია, თითქოს პაციენტის მიღებაზე უარის მიზეზი კლინიკაში ადგილების არარსებობა იყო.

სარჯველაძის განცხადებით, ბოლქვაძემ თავად გამოთქვა სურვილი, სამსახური სექტემბრის ბოლოს დაეტოვებინა. მისივე სიტყვებით, საკითხის შესწავლის შემდეგ, შესაძლო დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, თუმცა ექიმმა გადაწყვეტილება მანამდე მიიღო.

„მოთხოვნა დადგებოდა საკითხის შესწავლის შედეგად, თუკი გაირკვეოდა, რომ კონკრეტულ ბრალეულ ქმედებასთან გვქონდა საქმე“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან 1 ოქტომბერს ამავე საავადმყოფოს მედპერსონალმა ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად აქცია გამართა. ექიმების განცხადებით, ბოლქვაძეს თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს.

ასევე ნახეთ

„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ

თავად ბოლქვაძე ამბობს, რომ კლინიკიდან წასვლის შესახებ მასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა, მათ შორის აჭარის ჯანდაცვის მინისტრ ნინო ნიჟარაძის მეშვეობით. აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროში „კომენტარი არ კეთდება“.

ექიმის განმარტებით, ივნისში გადაუდებელი დახმარების განყოფილება სრულად იყო დატვირთული და პაციენტის მიღებაზე უარი იმ მიზეზით თქვა, რომ „სუნთქვის აპარატი რომ დასჭირვებოდა, ვერ დაეხმარებოდნენ“.

ბოლქვაძის თქმით, თანამდებობის დატოვების მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ აქვს.