ახალი ბრალდება უფრო მძიმეა, ვიდრე ის, რის გამოც ისინი დააპატიმრეს, და 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რადიო თავისუფლება ცდილობს მათი პოზიციის გარკვევას ახალ ბრალდებაზე.
პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადება დამატებით კითხვებს აჩენს სადავო თანხის წარმომავლობისა და „გარემოცვის წევრების“ შესახებ.
ასევე ნახეთ
ვინ არიან და რატომ დააკავეს ძმები ფეიქრიშვილებიტრანზაქციების სქემა - გამოძიების ვერსია
გამოძიების ვერსია, - რომელიც გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს ეკუთვნის, - ასეთია:
„დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს“.
ამ სქემის ზოგადი აღწერა, პროკურატურის ვერსიითვე, ასეთია:
- „ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს“;
- „კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე“.
- „ფეიქრიშვილების დავალებით მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების მიერ გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე“;
- მოგვიანებით ამ თანხებს „მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე“.
პროკურატურის მტკიცებით, ამ გზით 2020-2026 წლებში ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა.
და ეს თანხა მოხმარდა „საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას“.
ასევე ნახეთ
პროკურატურამ ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალი წარუდგინარა წარმომავლობის იყო თანხა - და სხვა შეკითხვები
გამოძიების ვერსია სხვა დამატებით შეკითხვებსაც აჩენს, რასაც ჯერჯერობით გავრცელებული ინფორმაციას ვერ უპასუხებს. კერძოდ:
- იცის თუ არა გამოძიებამ, რა წარმომავლობისა იყო ის „დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივები“, რომელიც მათ, ბრალდების თანახმად, „გაათეთრეს“?
- ვინ იყვნენ ძმების „გარემოცვის ის წევრები“, ვინც „დაიყოლიეს შენიღბულ ფინანსურ ოპერაციებზე“?
- სულ რამდენი ადამიანი იყო ჩართული სქემაში?
- ითანამშრომლეს თუ არა მათ გამოძიებასთან, ან დააკავეს თუ არა ისინი?
რადიო თავისუფლება ცდილობს მათს ადვოკატთან დაკავშირებას ბრალდებულების პოზიციისა და დამატებითი დეტალების გასაგებად.
მათ ბრალი უკვე წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და მე-3 ნაწილის „გ” ქვეპუნქტით - „ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ბრალდება 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კიდევ რას ედავებიან მათ
22 სექტემბერს დაკავებულ ფეიქრიშვილებს თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 სექტემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ორ სხვადასხვა საქმეზე. დაპატიმრებულია მათი პირადი მცველიც, ალექსანდრე ჩაფოძე.
- გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისთვის - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან - რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს 2025 წლის 2 ოქტომბერს ვაკეში ტაქსისთან დაპირისპირების ინციდენტია.
გამოძიების თანახმად, გიორგი ფეიქრიშვილმა 2026 წლის 17 სექტემბერს რატი გურგენიშვილს 47 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა და მოკვლიდ დაემუქრა.
ბრალდების თანახმად, თანხას ის „თითქოს კრიპტოვალუტით ვაჭრობით მიღებული შემოსავლიდან საკუთარ წილად ითხოვდა“.
ჯერ უცნობია, ეს საქმე ახალ ბრალს როგორმე უკავშირდება თუ არა.
ორივე მათგანი გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა.
გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, - რომლებიც წარსულში არაერთხელ არიან ნასამართლევი - წინა კვირას წარდგენილ ბრალდებებში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ.