Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათი დაცვის წევრს პატიმრობა შეუფარდეს - ახალი დეტალები

დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს, რომლებიც 22 სექტემბერს დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა გაირკვა სასამართლოში
დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს, რომლებიც 22 სექტემბერს დააკავეს, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - რა გაირკვა სასამართლოში

23 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა ტყუპ ძმებს, 40 წლის გიორგი და დავით ფეიქრიშვილებს, ასევე, მათ პირად მცველს, ალექსანდრე ჩაფოძეს.

მართალია, ძმები და დაცვის წევრი ერთ დღეს დააკავეს, თუმცა მათ წინააღმდეგ ორი სხვადასხვა საქმეა აღძრული:

  • გიორგი ფეიქრიშვილს ედავებიან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ბიზნესმენ რატი გურგენიშვილისთვის - ბრალდება 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან - რაც 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
  • მათი სასამართლო სხდომები 23 სექტემბერს, საღამოს საათებში, 30-წუთიანი სხვაობით, ცალ-ცალკე ჩატარდა.

2025 წლის ინციდენტი

23 სექტემბრის სხდომაზე გაირკვა, რომ პროკურატურა დავით ფეიქრიშვილსა და ალექსანდრე ჩაფოძეს 2025 წლის 2 ოქტომბერს მომხდარ ინციდენტზე ედავება.

გამოძიების ვერსიით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე:

  • შუქნიშანთან გაჩერებული ავტომობილის მძღოლს დავით ფეიქრიშვილმა შეურაცხმყოფელი ფრაზებით გზის გათავისუფლება მოსთხოვა;
  • შემდეგ ფეიქრიშვილმა და ჩაფოძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ფიზიკურად იძალადეს;
  • დაზარალებულმა სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო.

„როცა დაზარალებულმა ამოიცნო დავით ჩაფოძე და დავით ფეიქრიშვილი, მაშინ დავაკავეთ. 21 სექტემბერს ამოიცნო დაზარალებულმა ბრალდებულები“, - განაცხადა პროკურორმა დავით დევიძემ ჟურნალისტებთან სხდომის შემდეგ.

მისივე თქმით, დავით ფეიქრიშვილმა „შეაფურთხა დაზარალებულს, შემდეგ კი სცემა“, რასაც ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა.

„გამოძალვა“ - კრიპტოვალუტით ვაჭრობა

მეორე ძმა, გიორგი ფეიქრიშვილი, გამოძალვის ბრალდებითაა დაკავებული. გამოძიების ვერსიით:

  • 2026 წლის 17 სექტემბერს მან დაზარალებულს 47 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 122 580 ლარის) გადაცემა მოსთხოვა;
  • თანხას ის „თითქოს კრიპტოვალუტით ვაჭრობით მიღებული შემოსავლიდან საკუთარ წილად ითხოვდა“;
  • უარის შემთხვევაში დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

23 სექტემბერსვე გაირკვა, რომ დაზარალებული არის 28 წლის რატი გურგენაშვილი.

გურგენაშვილის სახელზე სამეწარმეო და საჯარო რეესტრებში არც ქონება და არც კომპანიები არ ფიქსირდება.

„საქმეში არცერთი მტკიცებულება არ დევს ჩემს წინააღმდეგ“, - თქვა გიორგი ფეიქრიშვილმა სხდომაზე.

ორივე მათგანი გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ პატიმრობა გამოიყენა.

  • გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, - რომლებიც წარსულში არაერთხელ არიან ნასამართლევი - თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ;
  • ბრალდების თანახმად, 2020 წელს მათს მკვლელობას უკრაინიდან გეგმავდა „კრიმინალური ავტორიტეტი“ ვატო ყიფიანი, - ერთობლივი ოპერაციის შედეგად საქართველოში ექვსი, უკრაინაში კი ერთი ადამიანი დააკავეს.
  • უკრაინიდან დეპორტაციის შემდეგ დააკავეს ვატო ყიფიანიც, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG