NYT: რუსეთი და აშშ უკრაინაზე მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილავენ "ლუკოილის" აქტივების მიყიდვას ტრამპის ოჯახთან დაახლოებული სტრუქტურებისთვის

საილუსტრაციო ფოტო: "ლუკოილის" ემბლემა ავტოგასამართ სადგურზე. ბუქარესტი, 23 ოქტომბერი, 2025.

უკრაინაში ომის შეწყვეტის შესახებ რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებებში ჩართეს „ლუკოილის“ საზღვარგარეთული აქტივების მრავალმილიარდიანი გარიგება იმ სტრუქტურებისთვის მიყიდვის შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია დონალდ ტრამპისა და ახლო აღმოსავლეთში მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის ოჯახებთან. ამის შესახებ The New York Times-ი წერს ვითარებაში ჩახედულ რვა წყაროზე დაყრდნობით.

გარიგება ეხება აქტივების ვრცელ კომპლექსს: კამერუნში ნავთობის საბადოებიდან და ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან დაწყებული, ნიუ-ჯერსიში ავტოგასამართი სადგურებით დამთავრებული. ადრე თავად „ლუკოილმა“ თავისი საერთაშორისო აქტივები 20 მილიარდ დოლარად შეაფასა, თუმცა, როგორც NYT აღნიშნავს, გარიგების ფასი და სტრუქტურა ჯერ განსაზღვრული არ არის.

გაყიდვის საკითხი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წამოჭრა 5 სექტემბერს კრემლში სტივ უიტკოფისა და ტრამპის სიძის, ჯარედ კუშნერის ვიზიტის დროს, რომელიც ასევე გამოდის მისი მომლაპარაკებლის როლში. NYT-ის ერთ-ერთი წყაროს თქმით, ამით პუტინს სურს „აჩვენოს რუსებს, რომ მათ შეუძლიათ აშშ-სთან ბიზნესის კეთება“. ამერიკული მხარე, თავის მხრივ, გარიგებას განიხილავს როგორც კრემლთან ურთიერთობების განმტკიცებისა და ენერგორესურსებზე მსოფლიო ფასების შემცირების გზას.

„ლუკოილის“ აქტივების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება ამერიკელი ინვესტორი ტოდ ბოელი - ბეისბოლის გუნდ „ლოს-ანჯელეს დოჯერზის“ თანამფლობელი. 2025 წელს მან ერთი მილიონი დოლარი შესწირა ტრამპის ორგანიზაციას MAGA Inc. და კიდევ ერთი მილიონი - მის ინაუგურაციას.

უმსხვილესი აქციონერი შეიძლება გახდეს კატარის კონგლომერატი, რომელსაც აკონტროლებენ მუტაზ ალ-ხაიათი და მისი ძმა რამეს ალ-ხაიათი. ისინი ესწრებოდნენ ტრამპის ინაუგურაციას 2025 წელს, ასევე პარტნიორული შეთანხმება დადეს კუშნერთან და მის ცოლთან - ტრამპის ქალიშვილ ივანკა ტრამპთან - სამხრეთ ალბანეთში სასტუმრო კომპლექსის მრავალმილიარდიანი პროექტის დაფინანსების შესახებ.

კიდევ ერთი მსხვილი აქციონერი შეიძლება გახდეს საინვესტიციო ფონდი აბუ-დაბიდან, რომელსაც აკონტროლებს შეიხი თახნუნ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანი, არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავარი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე აკონტროლებს ფონდს, რომელიც ფლობს მსხვილ წილს ტრამპის ოჯახის კრიპტოვალუტის კომპანია World Liberty Financial-ში, რომელსაც ნაწილობრივ უიტკოფის ვაჟი მართავს. ამასთან, როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ უიტკოფი ან კუშნერი თავად მიიღებენ სარგებელს გაყიდვიდან.

გარდა ამისა, გარიგებაში მონაწილეობას გეგმავს აშშ-ის მთავრობა - აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მეშვეობით. DFC-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ლუკოილის“ აქტივების ყიდვა ხელს შეუწყობდა „ტრამპის ადმინისტრაციის ვალდებულებების შესრულებას აშშ-ის ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცების, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის წინ წაწევისა და რიგითი ამერიკელებისთვის ენერგორესურსებზე ფასების შემცირების კუთხით“. ასევე, გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობს რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის (РФПИ) ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი.

თუ გარიგება შედგება, „ლუკოილს“ გაათავისუფლებენ ამერიკული სანქციებისგან, რაც მყისიერად გაზრდის კომპანიის აქტივების ღირებულებას. სანქციების დაცვას აკონტროლებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო, მანვე უნდა დაამტკიცოს გარიგება. თუმცა, NYT-ის რესპონდენტების თქმით, რეალურად გადაწყვეტილებას თეთრი სახლი მიიღებს.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს ყოფილმა პროკურორმა და მრჩეველმა ეკონომიკური დანაშაულებისა და ეთიკის საკითხებში, ჰუეი ჩენმა, ვითარებას „შემაშფოთებელი“ უწოდა. მან დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ გარიგების მონაწილეთა პირადმა ინტერესებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს მის შედეგზე.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ „ლუკოილსა“ და „როსნეფტს“2025 წლის 22 ოქტომბერს დაუწესა სანქციები. ტრამპის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ეს იმოქმედებდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებაზე. სანქციებმა გამოიწვია რეკორდული ფასდაკლებები რუსეთის ნავთობზე, ხოლო მთავარმა მყიდველებმა - ჩინელმა და ინდოელმა ნავთობგადამამუშავებლებმა - მისი გამორიცხვა დაიწყეს ახალი ტენდერებიდან.

მანამდე „ლუკოილის“ აქტივებისადმი ინტერესს იჩენდა რამდენიმე კომპანია, მათ შორის ამერიკის მსხვილი ნავთობკომპანიები Exxon Mobil-ი და Chevron-ი, უნგრეთის ნავთობგაზის კომპანია MOL, ასევე Pornhub-ის ყოფილი მფლობელი, ავსტრიელი ბიზნესმენი ბერნდ ბერგმაირი. იანვარში ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია Carlyle-მა წინასწარ შეთანხმებას მიაღწია მათ ყიდვაზე, თუმცა გაჭიანურდა გარიგების საბოლოო შეთანხმება აშშ-ის ფინანსთა სამინისტროსთან.

ასევე ნახეთ

დენიელ ფრიდი აშშ-ს მოუწოდებს, თავი შეიკავოს რუსეთისადმი შერეული სიგნალებისგან