რუსეთის ცნობით, საქართველოდან ექსტრადირებული პატიმარი მოკლეს გაქცევის მცდელობისას

შემთხვევის ადგილი, კადრი რუსული უწყების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის ცნობით, მისმა თანამშრომლებმა მოკლეს დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ გადასცა რამდენიმე დღის წინ.

რუსეთის სამართალდამცავი უწყებების ვერსიით, პუშკარევი პატიმართა გადასაყვან სპეციალურ ვაგონში დაესხა თავს ბადრაგს, მისი სამსახურებრივი იარაღი ჩაიგდო ხელში და გაქცევა სცადა. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მან ბადრაგის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ხოლო კიდევ სამი დაიჭრა.

რუსეთის სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებით, პუშკარევი თავდასხმის შემდეგ „გაანეიტრალეს“.

შემთხვევა 2 ოქტომბერს მოხდა ყაბარდო-ბალყარეთში, მურტაზოვოს სადგურის რაიონში. პუშკარევი სხვა პატიმრებთან ერთად გადაჰყავდათ მატარებლით ვლადიკავკაზიდან ადლერის მიმართულებით.

რუსეთის მედიაში თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეციალურ ვაგონში რამდენიმე პატიმრის მონაწილეობით ბუნტი მოხდა და მათ მძევლები აიყვანეს. სასჯელაღსრულების სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თავდასხმა მხოლოდ ერთმა პატიმარმა განახორციელა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა ცეცხლსასროლი იარაღის დაუფლების, სასჯელაღსრულების დაწესებულების საქმიანობის დეზორგანიზებისა და სამართალდამცავის სიცოცხლის ხელყოფის მუხლებით.

3 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-მა სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოკლული პატიმარი იყო დმიტრი პუშკარევი, რომელიც რუსეთს საქართველომ გადასცა ცოტა ხნით ადრე. წყაროს თანახმად, მას რუსეთში ედავებოდნენ ნარკოდანაშაულებსა და დანაშაულებრივი გაერთიანების შექმნას.

ასევე ნახეთ

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

ექსტრადიცია საქართველოდან

ინფორმაცია საქართველოს მიერ რუსეთისთვის ორი პატიმრის გადაცემის შესახებ სექტემბრის ბოლოს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. თბილისმა მოსკოვს გადასცა დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ნარკოტიკებით ვაჭრობას ედავებოდნენ.

24 სექტემბერს უწყებამ კადრები გამოაქვეყნა, რომლებშიც ნაჩვენები იყო პატიმრების გადაცემა ლარსის გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე.

რუსული გამოძიება პუშკარევს რამდენიმე ნარკოდანაშაულს ედავებოდა, მათ შორის ნარკოტიკების შეძენასა და გასაღებას, ნარკოტიკული მცენარეების მოყვანასა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით მათ გავრცელებას.

საქართველოს პროკურატურას რუსეთისთვის პატიმრების გადაცემის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ასევე ნახეთ

გირაოთი გათავისუფლდა მიხაილ ტიმოფეევი, რომლის რუსეთში ექსტრადიცია იგეგმებოდა

კიდევ ვინ გადასცა საქართველომ რუსეთს

2026 წელს რუსეთის გენერალური პროკურატურის საიტზე პუშკარევისა და ფედუნოვის გარდა, საქართველოდან რუსეთში კიდევ რამდენიმე ბრალდებულის ექსტრადირების შესახებ გამოქვეყნდა ინფორმაცია:

  • რასულ კაიტმაზოვი - რუსეთის გენპროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა 40 წლის დაღესტნელ კაცს. მას ბრალად ედება 2017 წელს სხვა პირთან ერთად კაცის ცემა, რომელიც მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა. კაიტმაზოვი საქართველოში დააკავეს და რუსეთმა მისი ექსტრადიცია ამის შემდეგ მოითხოვა.
  • მაქსიმ შერბაკოვი - 3 ივლისს რუსეთის გენპროკურატურამ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთს გადასცემდა მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს. გამოძიების ვერსიით, 2024 წლის აგვისტოში კონფლიქტის დროს მან ნაცნობს თავში რამდენჯერმე დაარტყა დანა. დაზარალებული დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.
  • ნიკიტა პოდსტავკინი - 2026 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთს გადასცა ძებნილი, რომელსაც 2024 წლის ივნისში თანამზრახველებთან ერთად კაცის ცემას ედავებიან. დაზარალებული მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოდსტავკინი საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა და საქართველოში დააკავეს. თებერვალშივე რუსეთმა საქართველოს გადმოსცა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალი ედებოდა 22 წლის თამაზ მთივლიშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში.

ასევე ნახეთ

„ღირებული თანამშრომლობა“ - რა ვიცით თურქეთში ძებნილების საქართველოში დაკავებაზე?