აშშ-ში რადარებიდან გაქრა ბერმუდის კუნძულებიდან მომავალი სამედიცინო თვითმფრინავი

საილუსტრაციო ფოტო: თვითმფრინავი Gulfstream GIV-SP ჟენევის აეროპორტის თავზე. 10 მარტი, 2019.

აშშ-ის ცაში, მასაჩუსეტსის შტატის კუნძულ ნანტაკეტის რაიონში, რადარებიდან გაუჩინარდა თვითმფრინავი, რომელიც სამედიცინო რეისს ასრულებდა. ის ბერმუდის კუნძულებიდან ბოსტონში მიფრინავდა. მასში ექვსი ადამიანი იმყოფება.

თვითმფრინავი Gulfstream G-100 ეკუთვნის კანადურ კომპანიას Latitude Air Ambulance, რომელიც სპეციალიზებულია „საჰაერო სასწრაფო დახმარების“ რეისებზე. ის ბერმუდიდან გაფრინდა პარასკევს ღამით, 3 ოქტომბერს. ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის პირველ საათზე მასთან კავშირი გაწყდა. მანამდე მონიტორინგის სამსახურებმა ფრენის სიმაღლის მკვეთრი შემცირება დააფიქსირეს - 24-დან 11 ათას ფუტამდე.

1 საათსა და 20 წუთზე ამერიკის სანაპირო დაცვის საჰაერო და სახმელეთო სამსახურებმა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დაიწყეს. მასში მონაწილეობენ თვითმფრინავები HC-144 Ocean Sentry და HC-130 Hercules, ასევე ვერტმფრენი MH-60 Jayhawk და სამაშველო გემები.

თვითმფრინავში იმყოფბა ეკიპაჟის ოთხი წევრი და ორი მგზავრი. როგორც Latitude Air Ambulance-ში განუცხადეს USA Today-ს, მათი სამედიცინო თვითმფრინავების ეკიპაჟის ჩვეულებრივი შემადგენლობაა ორი პილოტი, ექიმი-რეანიმატოლოგი და ექთანი. ხანდახან თვითმფრინავში შეიძლება დამატებით იმყოფებოდეს ექიმი-თერაპევტი. კომპანია დაკავებულია როგორც ავადმყოფების ევაკუაციით, ისე მკურნალობის შემდეგ მათი სახლში დაბრუნებით. ბერმუდის აეროპორტში დაადასტურეს, რომ თვითმფრინავს, რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ადამიანი იყო, ორი მგზავრი გადაჰყავდა.

ძებნა გრძელდება.

ასევე ნახეთ

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც პილოტი გადაარჩინა Flydubai-ის რეისზე: „რამდენიმე წამიც და აქ აღარ ვიქნებოდით“