რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნების საელჩოები კიევს არ დატოვებენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად კიევში სექტემბრის ბოლოს დანგრეულ, მეცნიერებთა აკადემიის შენობასთან. 2026 წლის 4 ოქტომბერი

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საელჩოები რუსეთის „გაფრთხილების“ მიუხედავად არ აპირებენ დატოვონ უკრაინის დედაქალაქი კიევი.

ევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, იტალიის, ესპანეთის, საფრანგეთის, ბელგიის, ნიდერლანდის, ფინეთის, შვედეთის, ავსტრიის, სლოვენიის, სლოვაკეთის, ლატვიის და ლიეტუვის საელჩოებმა 4-5 ოქტომბერს სოციალურ ქსელებში თავიანთ გვერდებზე გამოაქვეყნეს ერთნაირი შინაარსის განცხადება, რომ მხედველობაში შეშფოთებით მიიღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მუქარა უკრაინაში დიპლომატებისა და უცხოეთის მოქალაქეების მიმართ.

საელჩოები რუსეთს შეახსენებენ, რომ ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ვენის კონვენცია და აცხადებენ, რომ კიევში რჩებიან.

ვენის კონვენციით, საელჩოები ხელშეუხებელი არიან და მათზე თავდასხმა კატეგორიულად აკრძალულია.

პოლონეთის და ესტონეთის საელჩოებმა ცალ-ცალკე გავრცელებულ განცხადებებში ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ რუსეთის მხრიდან დაშინების მცდელობა ვერ შეასუსტებს უკრაინის მხარდაჭერას.

ასევე ნახეთ

მერცმა უკრაინისთვის 1,3 მილიარდ ევროზე მეტი დახმარების შესახებ გამოაცხადა და კიევიდან პუტინს მიმართა: დაასრულეთ ეს უაზრო ომი!

რუსეთის „გაფრთხილება“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში მყოფი უცხოელი დიპლომატები და უცხო ქვეყნების სხვა მოქალაქეები 3 ოქტომბერს „გააფრთხილა“, რომ რუსეთის ჯარები გააგრძელებენ „მასირებულ დარტყმებს“ კიევსა და სხვა ქალაქებში მდებარე „სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე“ და „შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ, ვისგანაც ეს გაფრთხილება იგნორირებულია“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მსგავსი გაფრთხილება ადრეც ჰქონდათ, რასაც „ყური ყველამ არ დაუგდო“, „თავიანთ სიცოცხლეს სასიკვდილო საფრთხეს შეგნებულად უქმნიან“, „კიევში ბევრი საელჩო მუშაობს და უკრაინაში ვიზიტებით ჩადიან უცხოეთის ოფიციალური პირები“.

რუსეთის პასუხად უკრაინაში ევროკავშირის ელჩმა კატარინა მატერნოვამა 4 ოქტომბერს სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ჩვენ ვრჩებით".

რუსეთის „გაფრთხილებიდან" მეორე დღეს კიევში იმყოფებოდა გერმანიის ფედერალური კანცლერი ფრიდრიხ მერცი.