ზოდელავასა და ბერიძეს საპროცესო შეთანხმებას უფორმებენ - 4 ოქტომბრის საქმე

ზოდელავაც და ბერიძეც 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ აქციის საორგანიზაციო კომიტეტში იყვნენ.

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაპატიმრებულ მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს, სავარაუდოდ, საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.

ეს ამბავი 2026 წლის 5 ოქტომბერს გაირკვა ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე სააპელაციო სასამართლოში.

მოსამართლე თეა ლეონიძემ, - ზოდელავასა და ბერიძის პოზიციების გათვალისწინებით, - 4 ოქტომბრის ვრცელი საქმისგან ცალკე გამოყო ზოდელავასა და ბერიძის საქმე და სხდომა გადადო.

სხდომაზე გაირკვა, რომ მათ პროკურატურას მიმართეს საპროცესო შეთანხმების გაფორმების სურვილით.

ასევე ნახეთ

4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს

16:30 საათისთვის პროკურატურამ განაცხადა, რომ „მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, მოინანიეს და „პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მომართეს“, - წერს პროკურატურა.

ბრალის აღიარება საპროცესო შეთანხმების გაფორმების წინაპირობაა.

  • მურთაზ ზოდელავა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, ყოფილი პარლამენტარი და ყოფილი გენერალური პროკურორი;
  • ლაშა ბერიძე კი თადარიგის პოლკოვნიკია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი მოადგილე.

რას ედავებოდნენ მათ

4 ოქტომბრის საქმეზე, ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებით დაკომპლექტებულ ბრალდებულთა ჯგუფში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში დაცვის მხარემ გაასაჩივრა.

განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ლაშა ბერიძეს ორი მუხლით ედავებოდნენ და ორივეში გაამტყუნეს. ესენია:

  • სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.

ზოდელავას, - გარდა ამ ორი მუხლისა, - ედავებოდნენ „კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში“.

ასევე ნახეთ

საპროცესო გაუუქმეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძეს

4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი ჯამში 64 ადამიანს წაუყენეს.

  • 22 მათგანი საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან;
  • საპროცესო შეთანხმებით, ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდება 12 ადამიანი.


სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.

ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.

ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.

ასევე ნახეთ

უკან დახევა თუ შეღავათი? - პროკურატურა, 4 ოქტომბრის საქმეზე, აღიარების სანაცვლოდ, საპროცესოს აფორმებს