ბულგარეთის სანაპიროსთან თავდასხმა იყო ორ გემზე - ქვეყნის პრემიერი

გემებზე შეტევის შესახებ 6 ოქტომბერს განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა

შავ ზღვაში, ბულგარეთის ეკონომიკურ ზონაში შეტევა იყო ორ სამოქალაქო სატვირთო გემზე. ბულგარეთის მთავრობის ინფორმაციით, ერთი გემი ჩაიძირა. სოფიას ჯერჯერობით არ უთქვამს, ვინ დაესხა თავს ამ გემებს.

ინციდენტის გამო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა რუმენ რადევმა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელთა საგანგებო სხდომა მოიწვია.

რადევის ინფორმაციით, 6 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის, ბულგარეთის ქალაქ ბიალადან დაახლოებით 70 მილის დაშორებით საზღვაო და საჰაერო უპილოტო აპარატებით შეტევა იყო ორ სამოქალაქო სატვირთო გემზე.

რა (არ) არის ცნობილი ამ გემებზე

ბულგარეთის პრემიერის ინფორმაციით, ერთი, ტოგოს დროშით მცურავი გემი, ჩაიძირა. ეკიპაჟის ბედი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება.

მეორე გემი დაზიანებულია. ბორტზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრები ევაკუირებული არიან ბულგარეთის სასაზღვრო და სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლების მიერ. ორი მეზღვაური დაშავებულია. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გემის ეკიპაჟის 11 წევრი თურქეთის მოქალაქეა, 7- ინდოეთის. ბულგარეთის მთავრობის ინფორმაციით, ხორბლით დატვირთული გემი სამხრეთისკენ მიემართებოდა. მეორე, ჩაძირულ გემს, გეზი ჩრდილოეთისკენ ჰქონდა. ჯერჯერობით უცნობია, რა ტვირთი გადაჰქონდა მას.

პრემიერ-მინისტრმა რადევმა მომხდარს უწოდა სრულიად დაუშვებელი შეტევა, რომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო საზღვაო სამართალს.

ვინ არის თავდასხმაზე პასუხისმგებელი, ჯერჯერობით უცნობია.

  • შავ ზღვაში სატვირთო გემებს ხშირად უტევს რუსეთი. თავის მხრივ, უკრაინა უტევს რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემებს.


ასევე ნახეთ

საავადმყოფო, სახლები, სატვირთო გემი - რუსეთმა უკრაინაზე მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანა