დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქ კრივოი-როგში დარტყმა იყო საავადმყოფოზე.
ქალაქის თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელ ოლექსანდრ ვილკულის ინფორმაციით, „ბანდეროლებით“ შეტევის შედეგად საავადმყოფოს გარდა დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები, სამხატვრო სკოლა და ადმინისტრაციული შენობები.
დაჭრილია სულ მცირე ხუთი ადამიანი. ორი მათგანი საავადმყოფოს თანამშრომელია. მძიმე მდგომარეობაშია ორი დაჭრილი ქალი.
ოდესის ოლქი
რუსული დრონებით შეტევა იყო ოდესის ოლქზე. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ინფორმაციით, ქალაქ ოდესაში დაზიანებულია კერძო საწარმოს შენობა. კიპერს კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.
მისივე ცნობით, რუსული დრონით დარტყმა იყო მარშალის კუნძულების დროშით მცურავ კომერციულ გემზე, რომელიც რაფსის ზეთით იყო დატვირთული. გემზე ხანძარი გაჩნდა.
დაიღუპა ერთი ადამიანი და შვიდი დაშავდა.
კიპერმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ფოტო, რომელიც, მისი ინფორმაციით, გემზე დარტყმის შედეგებს ასახავს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 6 ოქტომბერს დილით გავრცელებული ცნობით, ოდესის ოლქის ილიჩევკის რაიონში დრონებით დაარტყეს სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღების საწყობს, იზმაილის პორტში - ნავმისადგომს, რომელიც სამხედრო ტვირთებისთვის გამოიყენება, ხოლი ჩერნომორსკის პორტში გემს, რომელსაც უკრაინის არმიისთვის განკუთვნილი ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა.
სხვა წყაროებით ეს ცნობები დადასტურებული არ არის.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთი სამოქალაქო გემებსა და საპორტო ინფრასტრუქტურაზე შეგნებული დარტყმებით არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და საფრთხეს უქმნის მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას.
ფორუმი