თავდასხმა განხორციელდა რეგიონში ჩასახლებული რადიკალურად განწყობილი ისრაელელების მხრიდან მზარდი ძალადობის ფონზე, როცა ისინი პალესტინელთა მიერ ზეთისხილის მოსავლის აღების პერიოდში ცეცხლსასროლი იარაღით უტევენ ფერმერებს, თავს ესხმიან ჟურნალისტებს და აზიანებენ ხეებს.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ ოთხშაბათის ინციდენტის დროს ცეცხლი გახსნეს როგორც ჯარისკაცებმა, ისე ახალმოსახლეებმა. მათი თქმით, ჯარისკაცებმა რეაგირება მოახდინეს შეტყობინებაზე, რომ პალესტინელმა ქვა ესროლა ახალმოსახლეს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, რატომ იმყოფებოდნენ ახალმოსახლეები აღნიშნულ ტერიტორიაზე.
Reuters-ის ჟურნალისტები გასული ორი კვირის განმავლობაში გახდნენ რამდენიმე ისეთი ინციდენტის მოწმე, როდესაც ისრაელის სამხედროებმა და ახალმოსახლეებმა პალესტინელებს თავიანთ ზეთისხილის ბაღებთან მისვლა აღუკვეთეს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა დაღუპულის ვინაობა - იგი 44 წლის ალი ჰასან იუსორ ალ-ბაზარია. დაუყოვნებლივ არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ, იგი ისრაელის სამხედროებმა მოკლეს თუ ახალმოსახლეებმა.
ზეთისხილის მოსავლის აღება, რომელიც ოქტომბრიდან ნოემბრამდე გრძელდება, დასავლეთ ნაპირზე ძალადობის ესკალაციის ფონზე მიმდინარეობს - პალესტინის ადმინისტრაციის მონაცემებით, ისრაელელმა ახალმოსახლეებმა მიმდინარე წელს, სულ ცოტა, 30 პალესტინელი მოკლეს.
მან ასევე განაცხადა, რომ 2026 წლის პირველი ნახევრის განმავლობაში მთელ დასავლეთ ნაპირზე 45 ათასზე მეტი ხე, მათ შორის 26 ათასზე მეტი ზეთისხილის ხე, მოჭრეს ან დააზიანეს.
ზეთისხილის ხეებს პალესტინელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი გამოხატავენ მათ კავშირს მიწასთან და ამავდროულად, მზარდი ეკონომიკური ზეწოლის ფონზე, მათთვის შემოსავლის სასიცოცხლო წყაროა.
„ჩვენთვის ზეთისხილის ხე სიცოცხლეა“, — განაცხადა 64 წლის პალესტინელმა ფერმერმა, თაისირ ალ-შეიხმა, რომელიც რამალის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ რანტისის გარეუბნიდანაა.
ისრაელელი ახალმოსახლეების მხრიდან ძალადობის შიშით, მან ერთი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა, მისულიყო და მოევლო თავისი ზეთისხილის ხეებისთვის. მან ეს მხოლოდ წელს, ამ მოსავლის აღებისას შეძლო, ისიც აქტივისტების თანხლებით, რომლებიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.
ალ-შეიხისთვის ზარალი მხოლოდ ხეების რაოდენობითა თუ წარმოებული ზეთის მოცულობით არ იზომება, არამედ ადამიანების საკუთარ მიწასთან შეცვლილი დამოკიდებულებითაც.
„წარსულში ზეთისხილის მოსავალზე ყველანი მიდიოდნენ — ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც. დღეს კი ბევრს ეშინია საკუთარ მიწამდე მიღწევა“, — უთხრა მან Reuters-ს.ანექსირებული აღმოსავლეთ იერუსალიმის გამოკლებით, დასავლეთ ნაპირზე დაახლოებით სამი მილიონი პალესტინელი ცხოვრობს 500 ათასზე მეტ ისრაელელთან ერთად, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკანონოდ შექმნილ დასახლებებში ცხოვრობენ.
ისრაელის მიერ 1967 წლის ომის დროს მიტაცებულ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებებს მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილი უკანონოდ მიიჩნევს და გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალრიცხოვან რეზოლუციებში ისრაელს მოუწოდებენ, შეწყვიტოს დასახლებების გავრცელება.
ისრაელი უარყოფს მოსაზრებას, რომ მისი დასახლებები უკანონოა და ამ მიწასთან ბიბლიურ და ისტორიულ კავშირებს იხმობს.