პოლონეთში მოზარდმა პროფესიულ სასწავლებელში თავდასხმა მოაწყო, დაჭრილია 8 ადამიანი

პოლონეთის ქალაქ ოტროლენკაში 19 წლის ახალგაზრდა თავს დაესხა პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს. პოლიციის ცნობით, იგი შეიარაღებული იყო „ბასრი საგნით“. სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები რვა ადამიანმა მიიღო. პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა.

როგორც პოლონური ტელეკომპანია TVN იტყობინება, თავდამსხმელი ამავე სასწავლებლის სტუდენტი იყო. მანაც მიიღო დაზიანებები ან, შესაძლოა, თავი დაიზიანა, თუმცა თავდასხმის შემდეგ გაქცევა შეძლო. პოლიციამ იგი უკვე ქალაქში დააკავა.

დაზარალებულებს შორის არის ოთხი სტუდენტი, ორი პედაგოგი და ორი შემთხვევითი გამვლელი (მამა-შვილი). ყველა დაჭრილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი, ორი მათგანი, ექიმების თანახმად, მძიმე მდგომარეობაში არიან.

ქმედების მოტივები ჯერჯერობით უცნობია. თავად ეჭვმიტანილი ბადრაგის მეთვალყურეობით საავადმყოფოში იმყოფება. სასწავლო კორპუსიდან, სადაც თავდასხმა მოხდა, ევაკუაცია განხორციელდა და იგი დაიკეტა.

ოსტროლენკა მაზოვიეცკის სავოევოდოში მდებარეობს, რომლის ცენტრიც ვარშავაა. ქალაქში 50 ათასზე ოდნავ მეტი მცხოვრებია.

ასევე ნახეთ

ტაილანდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეები და პედაგოგები დახოცეს, ეჭვმიტანილი მოზარდია