6 პოლიციელი იარაღით მემუქრებოდა, სქესობრივი კავშირის დამყარებას მაიძულებდნენ - 23 წლის სერგეი ყანჩელი

აქტივისტი სერგეი ყანჩელი აცხადებს, რომ პოლიციის მხრიდან წამების გამო იძულებული გახდა, საქართველო დაეტოვებინა.

პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, 23 წლის სერგეი ყანჩელი. პოლიციელებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მომხდარის გამო ქვეყნის სასწრაფოდ დატოვება მოუწია.

7 ოქტომბერს ფეისბუკში დაწერილ პოსტში სერგეი ყანჩელი წერს, რომ ის ახლა უკვე დაუსახელებელ „უსაფრთხო ქვეყანაში“ იმყოფება და საზოგადოებას ამცნობს 27 სექტემბერს მომხდარის შესახებ.

სახელმწიფო უწყებები ბრალდებას ჯერ არ გამოხმაურებიან.

„მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“

მისი ცნობით, ეს ამბავი მოხდა 2026 წლის 27 სექტემბერს, კვირადღეს, როდესაც ის სარბენად იყო გასული.

„სარბენად გასული გამაჩერა პოლიციამ. ჯამში ექვსნი იყვნენ“, - წერს ის.

მისი მონათხრობის თანახმად, პოლიციელებმა ერთ-ერთ სასაფლაოზე წაიყვანეს:

- „ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“.

- „[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე“.

- „მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“.

ის წერს, რომ „წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, რის შემდეგაც პოლიციელებმა ტერიტორია დატოვეს.

„მირტყამდნენ მუშტებით“

მოგვიანებით „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩაველმა თქვა, რომ ეს კუკიის სასაფლაოზე მოხდა და „უფორმო პოლიციელთა“ გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა მოთხოვნაზე, „გაეხსნა“ პირადი ტელეფონი.

მან ასევე თქვა, რომ თავდაპირველად 3-მა პირმა გააჩერა, რომელთაგან ერთს ეცვა პოლიციის ჟილეტი, ორი კი სამოქალაქო ტანისამოსში იყო, ამ ორიდან ერთმა კი სასაფლაოზე გადაყვანის შემდეგ ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა.

„რომ ჩავიცვი, დაიწყო მუქარა, დამარტყა... მერე შემოვიდა კიდევ ერთი, იყო ძალიან გაბრაზებული, ეკითხებოდა, რატომ გჭირდება ამდენი დროო. რომ გავიდა, ეგრევე დაბრუნდა მეორესთან ერთად“.

„სამივემ გააგრძელა ცემა. უკვე მირტყამდნენ მუშტებით... შემდეგ გადამიყვანეს უფრო სიღრმეში, იქაც მირტყამდნენ, ერთ-ერთი საფლავის ღობესთან. ნორმალურად ფეხზე ვერ ვიდექი...

შემდეგ კიდევ სამი ადამიანი შემოვიდა. როგორც მივხვდი, პოლიციელები იყვნენ“.

„მოქალაქეობრივი პოზიციის გამო“

ყანჩელი წერს, რომ პოლიციის ძალადობას მისი სამოქალაქო პოზიცია განაპირობებდა - წინააღმდეგობა „ქართულ ოცნებასთან“:

„ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის და ასევე სქესობრივი იძულების კვალდაკვალ მიხსენიებდნენ „აკაცუკად“ და აბუჩად იგდებდნენ ჩემს სამოქალაქო პოზიციას“, - წერს ის.

„ბევრმა იცით, რამდენად რთული იყო ჩემთვის იმის გააზრება, რომ ოდესმე საქართველოს დატოვება მომიწევდა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციურმა რეჟიმმა მოახერხა ჩემთვის ამ ჯოჯოხეთის შექმნა“, - წერს იგი.

მისი თქმითვე, საჩივარი შეიტანა პოლიციელების წინააღმდეგ, რათა „მათი პოვნა და გასამართლება მოხდეს“.

რადიო თავისუფლებამ წერილობითი შეკითხვით მიმართა პროკურატურის პრესცენტრს, დაწყებულია თუ არა გამოძიება, თუმცა 7 ოქტომბერს პასუხი არ მიუღია.