მთავრობის გადაწყვეტილება 8 ოქტომბერს გამოაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მისი პრესრელიზის თანახმად, მთავრობას ორ ქვეყანას შორის არსებული მოუგვარებელი საკითხების გადაწყვეტის იმედი აქვს და ამ მიზნით უკრაინულ მხარესთან კონსულტაციებს გააგრძელებენ.
- სეულსა და კიევს შორის უთანხმოება გამოიწვია უკრაინის მიერ ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და სამხრეთ კორეისთვის გადაცემის ფაქტის გასაჯაროებამ.
კიევიდან ელჩის გაწვევამდე ორი დღით ადრე, 6 ოქტომბერს სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინელი კოლეგისგან მიიღო ბოდიშის შემცველი შეტყობინება, თუმცა ეს არ აკმაყოფილებს სეულის მოლოდინს და მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებს.
ასევე ნახეთ
სეული უკმაყოფილოა, რომ კიევმა გაამჟღავნა ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის ფაქტირამ გამოიწვია სეულის პროტესტი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად სამხედრო მოსამსახურეები 2024 წელს გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია დაიწყეს რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. 2025 წლის იანვარში უკრაინამ ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევების შესახებ განაცხადა.
უკრაინის მიერ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება გააკრიტიკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა. მან კიევი დაადანაშაულა ფაქტის საიდუმლოდ შენახვაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელი ტყვეების რეპატრიაციის საკითხი უკიდურესად დელიკატურია და შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეფასებით, მან, ვინც პირადი პიარის გამო ფაქტი საჯარო გახადა, ანგარიში არ გაუწია სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ორი კორეის ურთიერთობების მდგომარეობას.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში მედიას განუცხადეს, რომ კიევს ფაქტის დამალვის პირობა არავისთვის მიუცია და როცა საქმე ტყვეებს ეხება, არასდროს არაფერს მალავენ.
გამოცემა Korea JoongAng Daily-ის წყაროთა თანახმად, კიევმა სეულს წინასწარ შეატყობინა, რომ შეთანხმების მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იტყოდა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გათავისუფლების შესახებ.