დიდმა ბრიტანეთმა კვლავ გააფართოვა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები

დიდმა ბრიტანეთმა კვლავ გააფართოვა რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები, 2026 წლის 8 ოქტომბერი

დიდმა ბრიტანეთმა კვლავ გააფართოვა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. განახლებული სია გამოქვეყნდა ბრიტანეთის ხელისუფლების ვებსაიტზე. შეზღუდვები შეეხო 23 ორგანიზაციას, სამ ფიზიკურ პირს და 12 სანავთობე ტანკერს.

გაფართოვდა კომპანია "როსტეხისა" და მისი საწარმოებისთვის დაწესებული სანქციები. სიაში მოხვდნენ ნავთობისა და გაზის კომპანია "ზარუბეჟნეფტი", ირკუტსკის სანავთობე კომპანია "ინკ-კაპიტალის" მმართველი ფირმა, თურქეთში, ჩინეთსა და ტაილანგში განთავსებული რამდენიმე კომპანია - რომლებსაც, ლონდონის შეფასებით, "კავშირი აქვთ უკრაინის დესტაბუილიზაციასთან, ან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის, სუვერენიტეტისთვის და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრასთან ან ასეთი საფრთხის შექმნასთან", რუსეთისთვის საქონლის და ტექნოლოგიების მიწოდების გზით.

სიამ მოიცვა ყირგიზეთის სამი კომპანია, ასევე კანადის ერთი კომპანია. აღინიშნება, რომ მათ, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ "რუსეთის ხელისუფლებისგან მოგების მიღებასთან, ან რუსეთის ხელისუფლების მხარდაჭერასთან" ფინანსური ოპერაციების განხორციელების გზით.

დიდმა ბრიტანეთმა ბოლო ჯერზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სულ ერთი კვირის წინ, 1 ოქტომბერს შემოიღო. მაშინ შეზღუდვები შეეხო 23 ფიზიკურ და იურიდიულ პირს და რვა ხომალდს, რომელთა ნაწილსაც რუსეთის "ჩრდილოვან ფლოტს" მიაკუთვნებენ.

წინა ჯერზე სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მრჩეველი და 2022-2026 წლებში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი, ალან გაგლოევი, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი მარატ კამბოლოვი, "პირველთა მოძრაობის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარე, არტურ ორლოვი, ეფესბეს ოფიცერი იან ზანევსკი და სხვები.

ასევე ნახეთ

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა ფიფიას, ირემაძეს, მჟავანაძეს, აბულაძეს, კამბოლოვსა და გაგლოევს