დრონებით შეტევა იყო „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრზე კალუგაში

უკრაინის თავდაცვის ძალებმა „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრს 8 ოქტომბერს დაარტყეს რუსეთის რიაზანის ოლქშიც

რუსეთში დრონებით შეტევა იყო ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის კიდევ ერთ, ე.წ. დატა-ცენტრზე.

9 ოქტომბერს დილით კომპანიამ დაადასტურა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად დაზიანებულია ქალაქ კალუგაში მდებარე დატა-ცენტრის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რამდენიმე მოდული კი მწყობრიდან სრულადაა გამოსული. „იანდექსის“ თანახმად, დაშავებულები არ არიან.

კალუგის ოლქის გუბერნატორ ვლადისლავ შაპშას ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვამ 26 უკრაინული დრონი „გაანადგურა” ქალაქ კალუგის და რეგიონის კიდევ სამი მუნიციპალიტეტის თავზე, დაჭრილია 9 ადამიანი და დაზიანებულია კერძო სახლები. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ცნობაში გუბერნატორს „იანდექსის” ცენტრი არ უხსენებია.

უკრაინას რუსეთის ამ რეგიონზე შეტევის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს.

ასევე ნახეთ

რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის იყო „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრი

წინა დღეს, 8 ოქტომბერს დრონებით შეტევა იყო „იანდექსის” ცენტრზე რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოშიც. ცენტრმა მუშაობა შეაჩერა.

ე.წ. დატა-ცენტრები რუსეთის სამიზნეა უკრაინაშიც.

განახლება: 9 ოქტომბერს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ რუსეთში დაარტყეს „მორიგ დატა-ცენტრს“ და ეს უკრაინის „სარკისებრი პასუხია“.

ზელენსკის ცნობითვე, უკრაინაზე რუსეთის დარტყმების პასუხად, 9 ოქტომბერს თავდაცვის ძალებმა რუსეთის კომის რესპუბლიკის ქალაქ უხტაში დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ხოლო 8 ოქტომბერს - ომსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

ამ ქარხნებზე შეტევის შესახებ მანამდე წერდნენ რუსეთის დამოუკიდებელი მედიასაშუალებები და მონიტორინგის უკრაინული არხები. რუსეთის ხელისუფლებას ეს ცნობები ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ასევე ნახეთ

9 ოქტომბერს აშშ-ში განახლდება უკრაინა-ამერიკის მოლაპარაკება