გიორგი დავითაძე ამბობს, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, რასაც პენიტენციური სამსახური უარყოფს.
„მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სახალხო დამცველის რწმუნებულმა მსჯავრდებულს ექსპერტიზის ჩატარების მიზანშეუწონლობის შესახებ რჩევა მისცა, არ შეესაბამება სინამდვილეს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
ომბუდსმენის განმარტებით, არსებობს პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, გიორგი დავითაძემ განაცხადა, რომ ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა.
„დოკუმენტურად დასტურდება (პატიმრის ხელმოწერით დადასტურებული დოკუმენტი), რომ გიორგი დავითაძის განცხადებით, ექსპერტიზის ჩატარების საკითხზე კონსულტაციას თავის ადვოკატთან გაივლიდა“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
მანამდე, 8 ოქტომბერს, გიორგი დავითაძის ადვოკატმა, დარეჯან სულაშვილმა, "ტვ პირველის" გადაცემა „დღის ამბებში“ განაცხადა, რომ ინფორმაცია, თითქოს მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვა, „მტკნარი სიცრუეა“.
ადვოკატის თქმით, 2025 წლის დეკემბერში, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან შეხვედრისას, თავად დავითაძემ მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დაედგინა, რა ტიპის ძალადობა განხორციელდა მასზე.
თუმცა, ადვოკატის მტკიცებით, ომბუდსმენის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დაზიანებების დადგენა მხოლოდ შემთხვევიდან 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ექსპერტიზით იყო შესაძლებელი. ადვოკატის თქმით, რადგან ამ დროისთვის 72 საათზე მეტი იყო გასული, დავითაძეს ექსპერტიზა არ ჩაუტარდა.
ასევე ნახეთ
„დებულებაში უნდა ვნახოთ“ - იოსელიანი კითხვაზე, არის თუ არა „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილიასევე ნახეთ
გამოაქვეყნონ ხმოვანი კადრები - დავითაძის ოჯახი კვლავ აქციებს მართავს„ეს არ იყო ინიციატივა გამოძიებისგან, თვითონ გიორგი ითხოვდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლის რეკომენდაციით, ფაქტობრივად, გადააფიქრებინეს“, - განაცხადა დარეჯან სულაშვილმა.
სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატმა საკუთარი მანდატის ფარგლებში გიორგი დავითაძის უფლებების დასაცავად ყველა საჭირო მოქმედება განახორციელა. უწყების ინფორმაციით, მისი მიმართვის საფუძველზე გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო და ამ საქმის მონიტორინგი დღემდე გრძელდება.
ომბუდსმენი ასევე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი მცდელობა შემაშფოთებელია და არც კონკრეტული პატიმრის და არც სხვა პატიმრების კანონიერი უფლებების დაცვის ინტერესებს არ ემსახურება.
გიორგი დავითაძის საქმე - მოკლედ
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოში განაცხადა, რომ რუსთავის №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით 10-მა ბადრაგმა სექსუალურად იძალადა.
- პენიტენციური სამსახური „გაუპატიურებას“ კატეგორიულად უარყოფს.
- უწყებამ იმავე დღეს გაავრცელა უხმო ვიდეო, რომელიც, მისი განცხადებით, 2025 წლის 21 დეკემბერს დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს.
- სახალხო დამცველის თქმით, გავრცელებულ მასალაში ფიზიკური ძალადობის მტკიცებულება ვერ ნახეს.
- 5 ოქტომბერს კითხვაზე, არის თუ არა სხეულში „თითით შეღწევა“ დათვალიერების პროცედურის ნაწილი, იოსელიანმა თქვა: „დებულებაში უნდა ვნახოთ“.
- სამოქალაქო ორგანიზაციებმა საქმის სრულყოფილი გამოძიება მოითხოვეს.
- 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა ციხესთან აქცია გამართეს და ვიდეოს სრული, მათ შორის ხმიანი, ვერსიის გასაჯაროება მოითხოვეს.
- დავითაძის ბრალდებების გასაჯაროების შემდეგ №6 დაწესებულებაში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
- იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ კანონმდებლობა პენიტენციურ დაწესებულებებში ხმოვანი ჩანაწერის გაკეთებას არ ითვალისწინებს და დავითაძის „დაუდასტურებელი ბრალდებების ფაქტებად წარმოჩენა“ დაწესებულებაში დესტაბილიზაციის მცდელობაა.
- 7 ოქტომბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დავითაძის საქმეზე „სპეკულაციებს არ ჰქონდა არავითარი საფუძველი“, „სადღაც იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ვითარება აბსოლუტურად, სრულად ექვემდებარება კონტროლს, არ არის სიმშვიდის დარღვევის არავითარი საფუძველი“.