ჟურნალისტური გამოძიებისას გამოიკვეთა ისიც, რომ ყეინიშვილი და მისი ოჯახის წევრები ფლობენ და მართავენ ეროვნული ბანკის რეგულირებულ მომგებიან ბიზნესებს, რაც ბანკის მაღალჩინოსნისთვის კანონმდებლობით აკრძალულია.
რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომელთა მიხედვით, ყეინიშვილის შესაძლო კანონდარღვევების შესახებ ინფორმაცია, სულ მცირე, რამდენიმე თვეა იციან ეროვნულმა ბანკმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. ამ უწყებებს რადიო თავისუფლებამ შეკითხვები 6 ოქტომბერს გაუგზავნა.
შეკითხვების გაგზავნიდან 3 დღის შემდეგ პასუხები არ მიგვიღია.
თუმცა ეროვნულმა ბანკმა და მთავარმა პროკურატურამ გამოაქვეყნეს განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ დაწყებულია გამოძიება, რომელიც იკვლევს ეროვნული ბანკის მმართველი საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის შესაძლო მონაწილეობას უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში.
რადიო თავისუფლების გამოძიების მთავარი ფიგურის, ნანა ყეინიშვილის სავარაუდო კორუფციული ფაქტების შესახებ კონკრეტულ კითხვებზე სახელმწიფო უწყებებს პასუხი ჯერჯერობით არ გაუციათ.
ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანი კომპანია "ბიტექსჩეინჯის" წარმომადგენლებს ბიზნესის წილს სთხოვს.
ფარული ჩანაწერი სუსთან შეთანხმებით 2024 წელსაა გაკეთებული.
"ბიტექსჩეინჯმა" ჩანაწერი სუსს გადასცა, რასაც ამ დრომდე სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია. კომპანიაში კი ეროვნული ბანკი შემოწმებაზე შევიდა და "ბიტექსჩეინჯი" ნახევარი მილიარდი ლარით დააჯარიმა.
Your browser doesn’t support HTML5
ნანა ყეინიშვილისა და „ბიტექსჩეინჯის“ მფლობელის საუბრის ფარული ჩანაწერი
ვრცელი საგამოძიებო სტატია, რომელშიც გაიგებთ, როგორ სთხოვა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა ნანა ყეინიშვილმა კრიპტომატების მსხვილი კომპანიის მფლობელს ბიზნესის წილი და სანაცვლოდ მფარველობა და გაფართოებაში დახმარება შესთავაზა დღეს, 9 ოქტომბერს, გამოქვეყნდება. ამავე სტატიაში მოისმენთ სუსთან შეთანხმებით ჩაწერილ ფარულ აუდიოს ეროვნული ბანკის მაღალჩინოსანსა და ბიზნესმენს შორის, რომელიც, საბოლოო ჯამში, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.