მონტენეგრო გეგმავს ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი ზვინჩუკის და მისი კოლეგების დეპორტაციას

მიხაილ ზვინჩუკი

მონტენეგროს ხელისუფლება აცხადებს, რომ ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებზე დაყრდნობით დეპორტაციას დაუქვემდებარებს ომის მომხრე რუსული მედიაპროექტის, "რიბარის" დამფუძნებელს, მიხაილ ზვინჩუკს, მის ცოლს და პროექტის კიდევ სამ თანამშრომელს.

რუსეთის ხუთი მოქალაქე 9 ოქტომბერს, დილით დააკავეს, ადრიატიკის ზღვასთან მდებარე საკურორტო ქალაქ რისანში.

მონტენეგროს მედია პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაკავებულები არიან მიხაილ და ვალერია ზვინჩუკები, სერგეი ბელოუსი, პაველ ლეკატორჩუკი და კირა დოროშენკო.

"პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, ეროვნული უშიშროების სააგენტოსთან ერთად და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ჩაატარა მიზანმიმართული და კოორდინირებული ოპერაცია, რომელიც მიემართებოდა მონტენეგროს ტერიტორიაზე უკანონო ქმედებების თავიდან აცილებას, გამოვლენას და აღკვეთას" - აცხადებს პოლიცია.

განცხადების თანახმად, ზვინჩუკს და მის კოლეგებს ქვეყნიდან გააძევებენ, მათ იქ არ დააკავებენ. თავად ზვინჩუკს და "რიბარს" ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ.

2024 წელს აშშ გამოვიდა 10 მილიონი დოლარის გაცემის პირობით ინფორმაციისთვის, რომელიც შესაძლებელს გახდიდა "რიბართან" კავშირის მქონე პირების ვინაობის თუ ადგილმდებარეობის დადგენას. "რიბარს" ადანაშაულებდნენ აშშ-ის პოლიტიკაში ჩარევაში. უშუალოდ ზვინჩუკის სისხლის სამართლებრივ დევნაზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ევროკავშირში "რიბარს" ადანაშაულებენ კავშირებში ე.წ. ჰიბრიდულ ოპერაციებთან, ასევე დეზინფორმაციის და რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდის გავრცელებაში. ზვინჩუკი ევროკავშირის სანქციების სიაშია შეყვანილი.

ასევე ნახეთ

მონტენეგროში დააკავეს რუსული ე.წ. Z-არხის, „რიბარის“ ხელმძღვანელი ზვინჩუკი