„აკრძალული 93 ფრაზა“ - კომუნიკაციების კომისია „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ პასუხობს

1 ოქტომბერს „ფორმულა“ დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისია უარყოფს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, კრიტიკულ ტელევიზიებს 93 განსხვავებული სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას უკრძალავს.

„არ არსებობს ფრაზები და სიტყვები, რომლებიც კომუნიკაციების კომისიამ აკრძალა“, - აცხადებს კომისია და ორგანიზაციას საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კომუნიკაციების კომისიის მიერ ორი ტელეკომპანიისთვის, „ფორმულისთვის“ და „ტვ პირველისთვის“, შედგენილი შვიდი მოხსენებითი ბარათი შეისწავლა და მათში მითითებული სიტყვები და ფრაზები შეაჯამა.

ორგანიზაციის თანახმად, კომისია მაუწყებლებს ჯამში 101 სიტყვისა და ფრაზის გამოყენებას ედავება, მათგან 33 „ტვ პირველზე“, 68 კი „ფორმულაზე“ მოდის. განმეორებების გამოკლებით, საუბარია 93 განსხვავებულ სიტყვასა და ფრაზაზე.

მათ შორისაა:

  • „რეჟიმი“;
  • „სინდისის პატიმრები“;
  • „ოლიგარქი“;
  • „პოლიტიკური პატიმრები“;
  • „პოლიტიკური ტყვეები“;
  • „რეპრესიული პოლიტიკა“;
  • „ივანიშვილის პრემიერი“;
  • „ქართული ოცნების პოლიცია“;
  • „უკანონო პატიმრობა“;
  • „რეპრესიული კანონები“;
  • „რეჟიმის სასამართლო“;
  • „ივანიშვილის პრეზიდენტი“;
  • „ოცნების სუსი“;
  • „სასამართლო კლანი“.

ორგანიზაციის შეფასებით, კომუნიკაციების კომისია „ცენზორის როლს ასრულებს“ და კრიტიკულ მაუწყებლებს პოლიტიკური მოვლენების შეფასებისა და ანალიზის გარეშე გაშუქებას სთხოვს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ბოლო ექვს თვეში კომისიამ „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ თავდაპირველად გაფრთხილებები მისცა, შემდეგ კი 2500-ლარიანი და 5000-ლარიანი ჯარიმები დააკისრა. 1 ოქტომბერს „ფორმულა“ დამატებით 10 000 ლარით დააჯარიმეს.

ასევე ნახეთ

„ივანიშვილის პრემიერი“ - ამ და სხვა ტერმინებისთვის „ფორმულა“ 10 ათასით დააჯარიმეს

კომუნიკაციების კომისია ორგანიზაციის დასკვნებს არ იზიარებს და აცხადებს, რომ მაუწყებლების დასანქცირებლად აკრძალული სიტყვებისა და ფრაზების რაიმე სია არ გააჩნია.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თანახმად, მაუწყებლებს ეკრძალებათ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური საკითხების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, განმარტავს კომისია.

„შესაბამისად, შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად, პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომისიის განცხადებით, ამ საკითხებზე მაუწყებლებთან არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა და შესაბამისი გზამკვლევიც გამოაქვეყნა.

„კომუნიკაციების კომისიის მიზანი არ არის მაუწყებლების სანქცირება, კომისიის მიზანია მედიის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებით კანონის აღსრულება და საზოგადოების ინტერესების დაცვა“, - აცხადებს უწყება.

ამასთან, კომისია აღნიშნავს, რომ „კანონის ეფექტიანი აღსრულების მიზნით განაგრძობს შესაბამის რეაგირებას“.

ასევე ნახეთ

ორმაგი სტანდარტია, ComCom-ი დამოუკიდებელ მედიას ესხმის თავს - RSF „ტვ პირველის“ დაჯარიმებაზე

თავის მხრივ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მიიჩნევს, რომ მაუწყებლების შინაარსობრივი რეგულირება და ფინანსური სანქციების დაწესება კრიტიკული მედიის დასუსტებას ემსახურება. ორგანიზაციის შეფასებით, სადავო საკითხები მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმების ფარგლებში უნდა განიხილებოდეს.