"მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ", - ვკითხულობთ 10 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დეესკალაციის ოთახში განვითარებულ მოვლენებს პროკურატურა შემდეგნაირად აღწერს:
“დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გ.ვ.-მ გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალო-დეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია”.
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში მოხდა მისი გაუპატიურება - თითის გამოყენებით.
„ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - დავითაძემ განაცხადა ასევე, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა.
საზოგადოებაში შეკითხვებს აჩენს გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც თავად პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა.
პატიმრის დედა აცხადებს, რომ მას პირადად ნანახი აქვს უფრო ვრცელი ვიდეოჩანაწერი, სადაც სხვა საეჭვო გარემოებებიც იკვეთება და ასევე იცნობს სხვა პატიმრების ოჯახის წევრებს, რომლებიც მსგავსი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ.
პროკურატურის თანახმად, გამოძიება 2025 წლის 29 დეკემბერს, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში დაიწყო და გამოძიების ფარგლებში “გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები; ჩატარებული იქნა საექსპერტო კვლევები; დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”.
პროკურატურა აცხადებს, რომ გიორგი დავითაძემ "სავარაუდო სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედების განხორციელების შესახებ" პირველად 2026 წლის 12 იანვარს ილაპარაკა, გამოკითხვისას - ადვოკატის მონაწილეობით; თუმცა უარი განაცხადა სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე და მიუთითა, რომ "მომხდარი ფაქტის დროს არანაირი ფიზიკური დაზიანება არ მიუღია".
ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია ასევე, რომ გამოძიების ფარგლებში "ჩატარდა ფონოვიდეოსკოპური და ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა, რა დროსაც ექსპერტმა წამობრივი სიზუსტით გაშიფრა დეესკალაციის №6 საკანში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები და სრულად აღადგინა გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების პროცესში განხორციელებული მოქმედებები". შედეგად კი დადგინდა, რომ - "გიორგი დავითაძის ძალადობისკენ მიმართული ქმედება არ ფიქსირდება. ამასთან, ამავე ვიდეოჩანაწერებს მონტაჟის კვალი არ აღენიშნება".
"საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან. რის გამოც, 2026 წლის 9 ოქტომბერს, დანაშაულის არ არსებობის გამო მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება", - წერია პროკურატურის განცხადებაში.
გიორგი დავითაძე სასჯელს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შალვა ფერაძის დაჭრის საქმეზე იხდის. დავითაძის ოჯახი სწორედ ფერაძეს უკავშირებს ციხეში პატიმრის მიმართ ძალადობრივ მოპყრობას.