გიორგი დავითაძის დედ-მამა აცხადებს, რომ „რახან მან რაღაც გადაყლაპა პროტესტის ნიშნად, ესე იგი, რაღაც ხდება ამ ციხეში“.
იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ „ყველა პატიმრის სიცოცხლე დაცულია“.
„გადაიყვანონ სხვა ციხეში, სამარტოო საკანში“, - უთხრა დედამ, ირმა დავითაძემ „ტვ პირველს“.
დავითაძე ამჟამად რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, - იქ, სადაც, მისი თქმით, 2025 წლის 21 დეკემბერს მასზე სექსუალურად იძალადეს.
„რაღაცას გადასძახებენ, მწყობრიდან გამოიყვანენ“ - მამა
„ამიტომ მოვითხოვდი და ახლაც მოვითხოვ, რომ ჩამოაშორონ №6 დაწესებულებას ... ის ბადრაგები, რომლებიც იქ მუშაობენ, ვინც იღებდა მონაწილეობას ჩემი შვილის გაუპატიურებაში“, - თქვა მამამ, ავთანდილ დავითაძემ.
„მივლენ მის საკანთან, რაღაცას მიაძახებენ, რაღაცას გადასძახებენ, რაც მის ღირსებას ეხება, გამოიყვანენ მწყობრიდან და მერე იწყება იქ ის, რაც არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ.
დედის განცხადებით, მის შვილზე „ზეწოლასა და ფსიქოლოგიურ ტერორს ჰქონდა ადგილი“, რაც „ახლაც გრძელდება“. შემდეგ კი თქვა:
„სახალხო დამცველის წარმომადგენელი იყო და მითხრა, არის მხნედ, ბრძოლისუნარიანი და შემოგვითვალა, ბრძოლა ბოლომდეო“.
„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე“ - მინისტრი
5 ოქტომბერს გაიმართება იუსტიციის მინისტრ პაატა სალიას ბრიფინგი - მან თქვა, რომ შეკითხვებს უპასუხებს.
„ცოტა მოგვიანებით გავაკეთებ კომენტარს, ყველას დაგიძახებთ და გექნებათ ნებისმიერი შეკითხვის დასმა“, - უთხრა მან "ტვ პირველს" სახლიდან გამოსვლისას. სხვა შეკითხვებს არ უპასუხა და მხოლოდ თქვა:
„დაცულია ყველა პატიმრის სიცოცხლე და უსაფრთხოება“.
„ჩვენ ვაკვირდებით მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. იცით გუშინდელი გარემოების შესახებ. და თავად განაცხადა გადაყვანაზე უარი“, - დასძინა მინისტრმა.
ინციდენტი კვირა საღამოს
4 ოქტომბერს, 22:45 საათისთვის, პენიტენციური სამსახურის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც, იმავე საღამოს დავითაძემ ციხის ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ „დემონსტრაციულად გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი“.
უწყების განცხადებით, ეს ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს 21:12 საათზე და გადაღებულია საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერით.
განცხადებიდან არ ირკვევა, საიდან ჰქონდა დავითაძეს „გაურკვეველი მცირე საგანი“ - ან რა ტიპისა შეიძლება ყოფილიყო ეს საგანი.
პენიტენციური სამსახურის თანახმადვე, ჯანმრთელობის მდგომარეობის „მონიტორინგის მიზნით“ დავითაძეს შესთავაზეს „ვივამედში“ გადაყვანა, თუმცა მან „კატეგორიული უარი განაცხადა“.
„შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები“, - აცხადებს სამსახური.
გიორგი დავითაძის საქმე
- 2 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ 36 წლის გიორგი დავითაძემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა სექსუალური ძალადობის შესახებ. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
- „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
- დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. მან გამოაცხადა, რომ შიმშილობას დაიწყებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
- პენიტენციური სამსახური ბრალდებას „კატეგორიულად უარყოფს“.
- უწყებამ 2 ოქტომბერს გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, ასახავს პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას. ვიდეოს ხმა არ აქვს.
- მედიასთან 2 ოქტომბერს ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა: „ფიზიკური არასათანადო მოპყრობის ან ძალადობის რაიმე ტიპის ამსახველი მტკიცებულება ჩვენ ვერ ვნახეთ“;
- 10-ზე მეტმა სამოქალაქო ორგანიზაციამ იმავე დღეს მოითხოვა, ხელისუფლებამ „ეფექტიანად და სრულყოფილად“ გამოიძიოს საქმე და განაცხადა, რომ „პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში.
- 3 ოქტომბერს დავითაძის ოჯახის წევრებმა რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქცია გამართეს და მოითხოვეს, სრულად და ხმით გასაჯაროვდეს ვიდეოკადრები, რომლებშიც, მათი განმარტებით, მსჯავრდადებულზე ძალადობაა ასახული.
ფორუმი