უკრაინული დრონებით თავდასხმამ Yandex-ის აპლიკაციის გლობალური შეფერხება გამოიწვია

მომხმარებლები არაერთი ქალაქიდან იუწყებიან, რომ ტაქსები მიუწვდომელია.

10-11 ოქტომბრის ღამეს უკრაინული დრონები თავს დაესხა რუსეთში, ვლადიმირის რეგიონში მდებარე „იანდექსის“ (Yandex) მესამე მონაცემთა ცენტრს, რამაც აპლიკაციის გლობალური შეფერხება გამოიწვია.

კომპანიამ ამ თავდასხმით გამოწვეულ შეფერხებაზე ინფორმაცია „ტელეგრამის“ არხის საშუალებით გაავრცელა:

„მონაცემთა ცენტრის მუშაობა სრულად შეჩერდა. დაშავებულები არ არიან. ადგილზე უკვე მუშაობენ შესაბამისი ჯგუფები, რომლებიც შედეგების აღმოფხვრაზე ზრუნავენ“.

ასევე ნახეთ

"იანდექს გოუს" სკუტერები - სწრაფი ტრანსპორტი თუ უსაფრთხოების გამოწვევა?

მომხმარებლები იუწყებიან, რომ ტაქსები მიუწვდომელია მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, დონის როსტოვში, რუსეთის სხვა ქალაქებში და საზღვარგარეთაც კი, სადაც Yandex Go ოპერირებს, მათ შორის სერბეთში, სომხეთსა და ყაზახეთში.

ვლადიმირის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ავდეევის თქმით, თავდასხმამ ასევე დააზიანა ორი ქვესადგური, რომლებიც 5000 მოსახლეს ამარაგებდა ელექტროენერგიით.

რამდენიმე დღის წინ, 8 ოქტომბერს უკრაინის თავდაცვის ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს რუსეთის სხვადასხვა რეგიონზე. დროებით დაიხურა აეროპორტები რუსეთის 15-მდე ქალაქში. ასევე, შეტევა იყო რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, სადაც არის დაზგების მშენებელი ქარხანა „სასტა“ და ტექნოლოგიური კომპანია „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ე.წ. დატა-ცენტრი.

მაშინ „იანდექსმა“ თავის საიტზე (Yandex Cloud) გამოქვეყნებულ ცნობაში დაადასტურა „ინციდენტი“ და ელექტროკვების პრობლემები ცალკეულ ზონებში, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ასევე ნახეთ

რუსეთზე დრონებით შეტევის სამიზნეებს შორის იყო „იანდექსის“ მონაცემთა დაცვის ცენტრი
  • რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. მას შემდეგ დაიბომბა უკრაინის არაერთი ქალაქი და მასში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები და დაწესებულებები.
  • საპასუხო ნაბიჯებს დგამს უკრაინაც. მათ შორის, დრონების გამოყენებით.
  • რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს მოსკოვი „ტერორისტულს” უწოდებს.
  • უკრაინა აცხადებს, რომ მისი სამიზნე ობიექტები ჩართულია რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.