პოლონეთში დააკავეს მამაკაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ამზადებდა

ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში (მარცხნივ) და დონალდ ტუსკი. ტარნავა-კოლონია, 30 ივლისი, 2026.

პოლონეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრ ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშზე თავდასხმის განხორციელებას გეგმავდა.

სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორის პრესმდივანმა იაცეკ დობჟინსკიმ ტელეკომპანია TVN24-ის კორესპონდენტს განუცხადა, რომ ბრალდებული პოლონეთის მოქალაქეა და ის ქვემო სილეზიაში დააკავეს.

იმის შესახებ, რომ პოლიციამ სავარაუდო თავდასხმის მომზადების თაობაზე შეტყობინება მიიღო, დობჟინსკიმ 11 ოქტომბერს დილით განაცხადა. პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მარჩინ კერვინსკიმ და სპეცსამსახურების მინისტრ-კოორდინატორმა ტომაშ სემონიაკმა საფრთხესთან დაკავშირებით ზომების მიღების განკარგულება გასცეს.

შიდა უსაფრთხოების სააგენტოს ანტიტერორისტულ ცენტრში ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენელთა სასწრაფო თათბირი გაიმართა. დობჟინსკის თქმით, შესაძლო თავდასხმის შესახებ შეტყობინებები სახელმწიფო დაცვის სამსახურში ელექტრონული ფოსტით შევიდა. მთავრობის პრესმდივნის, ადამ შლაპკას განცხადებით, ეს მოხდა კვირას, დაახლოებით დილის შვიდ საათზე.

შეკითხვას, თუ რამდენად ხშირად იღებს ხელისუფლება მსგავს შეტყობინებებს, მან უპასუხა, რომ „საფრთხეებთან დაკავშირებული სიტუაციები, რა თქმა უნდა, ჩნდება“, თუმცა ეს შემთხვევა „გამორჩეულად საგანგაშო“ იყო.

TVN24-ის ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ შეტყობინების შინაარსს გაეცნენ. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტექსტში ნათქვამი იყო შემდეგი:

„განმცხადებელი სოციალური ქსელების მეშვეობით დაუკავშირდა ერთ-ერთ რადიკალურ ორგანიზაციას, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით თავდასხმის განსახორციელებლად მოხალისეების ძიებაში. განმცხადებელმა განაცხადა, რომ შეხვდა მამაკაცს, სახელად კშიშტოფს, რომელთანაც იმსჯელა იარაღზე, მთავრობისადმი სიძულვილსა და დაგეგმილ მასობრივ მკვლელობაზე“.

ასევე ნახეთ

პოლონეთში იძიებენ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის მზადების შესახებ