ისევ თავდასხმა იყო საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის აეროპორტზე

ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე შეტევა იყო 8 ოქტომბერსაც

იემენში მოქმედმა ჰუთებმა ისევ მიიტანეს შეტევა საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე.

საუდის არაბეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველომ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ აეროპორტზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, პაკისტანის მოქალაქე. დაჭრილია 11. აეროპორტის ტერმინალების ერთ-ერთ კომპლექსში ხანძარი გაჩნდა. ეს შეტევა 11 ოქტომბერს იყო.

  • ერ-რიადის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმა მოხდა წინა დღეს, 10 ოქტომბერსაც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 13 და დაიჭრა 300-ზე მეტი ადამიანი. ერ-რიადის აეროპორტზე დარტყმა იყო 8 ოქტომბერსაც.
  • 6 ოქტომბერს შეტევა იყო საუდის არაბეთის ჯიზანის და ნაჯრანის აეროპორტებზეც.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღეს ჰუთებმა და ავიაკომპანიები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ საუდის არაბეთის საჰაერო სივრცე. მათი მტკიცებით, აეროპორტებს რაკეტებით და დრონებით დაარტყეს.

საუდის არაბეთი ჰუთებთან მებრძოლი იემენის მთავრობის მოკავშირეა.

იემენელი მეამბოხეების თანახმად, 11 ოქტომბერს დაარტყეს საუდის არაბეთის ნავთობობიექტებს და დამამის აეროპორტსაც.

საინფორმაციო სააგენტოები საუდის არაბეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერენ, რომ შეტევა იყო ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ორ ობიექტზე. სააგენტო Reuters-ს ქალაქ დამამის აეროპორტში მყოფმა მგზავრმა უამბო, რომ ჭურვი ჩამოვარდა ასაფრენ ზოლზე, რომლის მახლობლად რამდენიმე თვითმფრინავი იმყოფებოდა. გაჩნდა ხანძარი.

ასევე ნახეთ

იემენის მთავრობამ ჰუთების წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა

ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუთების შიიტური გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც თავს „ანსარ ალაჰს“ უწოდებს, წლებია აკონტროლებს იემენის მნიშვნელოვან ნაწილს, მათ შორის დედაქალაქ სანას მიუხედავად იმისა, რომ იემენის კანონიერი მთავრობის მხარდასაჭერად კონფლიქტში საერთაშორისო კოალიციაც ჩაერთო.

ჰუთები ხშირად ესხმიან თავს უცხოურ გემებს წითელ ზღვაში და ადენის სრუტეში.

2026 წლის სექტემბერში მეამბოხეებმა ახალი რაიონები დაიპყრეს, მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობისთვის მნიშვნელოვანი ბაბ-ელ-მანდების სრუტის რაიონში. ამას მოჰყვა იემენის სამთავრობო ძალების კონტრშეტევა საუდის არაბეთის მხარდაჭერით.

5 ოქტომბერს იემენის მთავრობამ განაცხადა, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტის რაიონში კონტროლი დაიბრუნეს. ჰუთებმა ეს უარყვეს.