საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება, რომლიდანაც ეს ამბავი გაირკვა, 2026 წლის 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა. განჩინება 9 ოქტომბრით თარიღდება.
მანანა კობახიძემ, რომელიც პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი დამფუძნებელი წევრია, „თვითგანრიდება“ 9 ოქტომბერს მოითხოვა, რაც კოლეგებმა არ დაუკმაყოფილეს.
მანანა კობახიძის არიდებას ემხრობოდა კიდევ ერთი მოსამართლე, ევა გოცირიძე.
ასევე ნახეთ
პარტიების აკრძალვის სარჩელს საკონსტიტუციოს ყველა მოსამართლე განიხილავს„გონივრული ეჭვი მიუკერძოებლობაზე“
მოსამართლე კობახიძე მიიჩნევდა, რომ სარჩელის განხილვაში მისმა ჩართულობამ „შესაძლოა, საკონსტიტუციო სამართალწარმოების მონაწილეებსა და საზოგადოებაში გააჩინოს გონივრული ეჭვი ამ საქმის მიუკერძოებელ და ობიექტურ გადაწყვეტასთან მიმართებით“.
„მოსამართლის განცხადებით, საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ წარსულში იგი იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი წევრი და აგრეთვე იკავებდა აღნიშნული პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარის თანამდებობასაც“, - ვკითხულობთ საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.
„გარდა ამისა, მითითებული პოლიტიკური გაერთიანების წევრობის პერიოდში, ის აირჩიეს მერვე და მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრად, სადაც ითავსებდა მნიშვნელოვან ფუნქციებს“, - წერია იქვე.
მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა
კობახიძის შუამდგომლობის თანახმადვე:
- „სუბიექტური თვალსაზრისით, არ არსებობს მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი“;
- „ფიცის დადების დღიდან იგი მოქმედებს მხოლოდ კონსტიტუციის შესაბამისად, მოსამართლის მაღალი პასუხისმგებლობით, პირადი განწყობებისა თუ დამოკიდებულებებისაგან სრულიად თავისუფლად“;
- „ამის მიუხედავად, მოსამართლეს მიაჩნია, რომ კუმულაციურად, ზემოთ დასახელებულმა გარემოებებმა, საქმის განხილვის მონაწილეებს, საზოგადოებასა და, ზოგადად, ობიექტურ დამკვირვებელს, შესაძლოა, გაუჩინოს საფუძვლიანი ეჭვები და კითხვის ნიშნები“.
მანანა კობახიძის კოლეგებმა მიიჩნიეს, რომ აცილების საჭიროება არ არსებობს და მოთხოვნა არ დაუკმაყოფილეს.
ეს კოლეგები იყვნენ: რევაზ ნადარაია, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი, სერგო მეთოფიშვილი, გიორგი მოდებაძე და ვასილ როინიშვილი.
ასევე ნახეთ
რატომ და როგორ კრძალავს "ოცნება" ოპოზიციურ პარტიებს? - რა უნდა ვიცოდეთ კონსტიტუციური სარჩელის შესახებ„ასე არაფერი უნდა განიხილოს“ - ირაკლი კობახიძე
ამ ამბავს ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
„მე, როგორც იურისტი, გიპასუხებთ, რომ, თავის დროზე, პარტიის დამფუძნებლობა არ არის საფუძველი აცილებისთვის“, - თქვა მან მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე.
„ასე, საერთოდ არცერთი კანონი არ უნდა განიხილოს მანანა კობახიძემ“, - თქვა მან.
„თავის დროზე იყო კონკრეტული პარტიის დამფუძნებელი და მეათე წელია არის მოსამართლე. მას არავითარი შეხება არ აქვს არც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან, არც ვინმე უზღუდავს სხვა პარტიის მიმართ ახალი პოზიციის ჩამოყალიბებას ან სხვაგვარად მოქმედებას“, - განაცხადა პრემიერმა.
„როგორც იურისტი გეტყვით, რომ აცილების საფუძველი არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სარჩელს სრული შემადგენლობა განიხილავს
ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მმართველი გუნდის მიერ შეტანილ სარჩელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ანუ სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე განიხილავს.
სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვს.
ეს პარტიებია:
- „ნაციონალური მოძრაობა“,
- „კოალიცია ცვლილებისთვის“,
- „ძლიერი საქართველო - ლელო“,
- „ფედერალისტები“ და
- „გახარია საქართველოსთვის“.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი წინა სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ჰქონდა გადაცემული.
ახალი სარჩელი, რომელშიც ოთხ პარტიას „გახარია საქართველოსთვისაც“ დაემატა, პირველმა კოლეგიამ პლენუმს გადასცა.
სასამართლოს შეფასებით, საქმე „იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“ წარმოშობს.
ასევე ნახეთ
ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო2026 წლის 8 ოქტომბერს ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მიიღო მორიგი კრიტიკული რეზოლუცია - „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ”.
- წინა დღეს ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე დებატებისას ევროპელი დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება ერთპარტიული რეჟიმის დამყარებას ცდილობს“.
- „ქართული ოცნების“ ლიდერები 2022 წლის შემდეგ ევროპარლამენტის ანგარიშებსა და რეზოლუციებს, რომლებიც ხელისუფლების კრიტიკას შეიცავს, უწოდებენ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამბობენ, რომ მათ „ჩალის ფასი“ აქვთ.